Logo

თსუ მეცნიერება

Main IMG
თსუ - პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში. კვლევისა და სწავლების საუკუნოვანი ტრადიცია. დაფუძნებულია 1918 წელს.

ჟურნალი ნომერი: 7

ცოტამ თუ იცის, რომ პირველ ქართულ უნივერსიტეტს დაარსებიდან, 1918 წლიდან, კავშირები ჰქონდა იმდროისათვის ევროპის წამყვან უნივერსიტეტებთან. უკვე ერთი წლის შემდეგ, სახელმწიფოს დაფინანსებით ძმები, ივანე და ალექსანდრე ნიკურაძეები, სასწავლებლად გოტინგენის უნივერსიტეტში (გერმანია) გაემგზავრნენ, სადაც უკვე მსოფლიოში გამორჩეული მათემატიკისა და ფიზიკის ინსტიტუტები ფუნქციონირებდა. ივანე ნიკურაძე მალევე გახდა თანამედროვე ჰიდროდინამიკისა და აეროდინამიკის ფუძემდებლის, პროფესორ ლუდვიგ პრანდტლის გამორჩეული სტუდენტი და წარმატებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე “დაკვირვებები ტურბულენტურ დინებაში სიჩქარის განაწილებაზე”. მან ხელძღვანელთან ერთად მონაწილეობა მიიღო კაიზერ ვილჰელმის, დღევანდელი მაქს პლანკის ინსტიტუტის დაარსებაში, მოგვიანებით კი ამ ინსტიტუტის განყოფილების უფროსი გახდა. ქართველი მეცნიერი ივანე ნიკურაძე ამ ქალაქში პირველი სტუდენტი იყო დამოუკიდებელი საქართველოს სახელით ჩამოსული, რომელმაც საკუთარი შრომისმოყვარეობით საფუძველი ჩაუყარა ამ ორი უნივერსიტეტის ურთიერთობების წარმატებულ დასაწყისს. უმცროსი ძმა, ალექსანდრე მყარი სხეულების ფიზიკის ერთ-ერთი სახელგანთქმული პროფესორი გახლდათ ბერლინისა და მიუნხენის უნივერსიტეტებში.

„ტრადიციულ ენერგეტიკაზე დაყრდნობილი ტექნიკური პროგრესი აძლევს რა ადამიანს მრავალ სიკეთეს, პარალელურად უარყოფითად მოქმედებს გარემოზე. რის შედეგადაც მიმდინარეობს გლობალურ-კლიმატური ცვლილება. ტემპერატურა დედამიწაზე უახლოესი ათწლეულების განმავლობაში გაიზრდება. შეიძლება, ეს მხოლოდ ორი გრადუსი ან ცოტა მეტი იყოს, მაგრამ რეალურად ძალიან დიდ ცვლილებებს გამოიწვევს ბუნებაში მიმდინარე პროცესებში. ამიტომ საკითხი ახალი არატრადიციული ენერგიის წყაროს ძიებისა წარმოადგენს მნიშვნელოვან ამოცანას, როგორც ენერგეტიკული მრეწველობის, ისე საყოფაცხოვრებო სექტორისთვის. დღეისათვის „განახლებადი ენერგეტიკული ტექნოლოგიები'', როგორიცაა – მზის, ქარის, წყალბადის, ჰიდროელექტრო ენერგია, ბიომასა და ბიოლოგიური საწვავი ტრანსპორტისთვის, ფართოდ ინერგება ადამიანის საქმიანობის მრავალ სფეროში.

საქართველოში ნავთობის მოპოვების ხანგრძლივი ისტორიისა და ამ თემაზე ჩატარებული მრავალრიცხოვანი კვლევების მიუხედავად, დღეისათვის არსებული ეკონომიკური შედეგები შთამბეჭდავი ნამდვილად ვერ არის. თუმცა, სპეციალისტების თქმით, ამ წიაღისეულის სამრეწველო მოპოვების საქმეში იყო აღმავლობის ეპიზოდებიც. მაგალითად, გასული საუკუნის 70-80-იან წლებში საქართველოში ნავთობის წლიურმა მოპოვებამ სამ მილიონ ტონას გადააჭარბა. (იხ.: გ.ხმალაძე, ნ.ხმალაძე. საქართველოს ნავთობის მრეწველობა გარდამავალ პერიოდში. თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა. 2002. გვ.14).

დღეისათვის ერთ-ერთ აქტუალურ პრობლემად კვლავ რჩება ფრინველთა და ცხოველთა სრულფასოვანი და ბალანსირებული კვება. სწორედ ამიტომ, თსუ პეტრე მელიქიშვილის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის აგრარული ქიმიის პრობლემათა ლაბორატორიის თანამშრომლებმა მიზნად დაისახეს შეექმნათ ბიოლითონებისა და ორგანული ნივთიერებების შემცველი ბიოკოორდინაციული ნაერთები და მათი კომპოზიციები ბუნებრივ ცეოლითებთან ერთად. რაც უზრუნველყოფს იაფი, ეკოლოგიურად უსაფრთხო, უნარჩენო, ანტიბაქტერიული და ანტისეპტიკური დანამატების მიღებას.