ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გერბი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გერბის ავტორი მხატვარი დიმიტრი შევარდნაძე მე-20 საუკუნის 20-30–იან წლებში ქართული კულტურის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ფიგურა იყო. იგი 1885 წლის 1 დეკემბერს ოზურგეთის რაიონის სოფელ ბახვში დაიბადა, საშუალო განათლება ქუთაისის რეალურ სასწავლებელში მიიღო, ხოლო სამხატვრო ცოდნის მისაღებად ჯერ პეტერბურგში გაემგზავრა, შემდეგ კი მიუნხენის სამხატვრო აკადემიაში განაგრძო სწავლა. სტუდენტობის წლებში მას მატერიალურ დახმარებას ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება უწევდა.
დიმიტრი შევარდნაძემ საქართველოში დაბრუნებისას საფუძველი ჩაუყარა ქართველ ხელოვანთა საზოგადოებას. 1917 წელს ე.წ. ,,დიდების ტაძარში” მისი თაოსნობით კედლის მხატვრობის პირების გამოფენა მოეწყო. ეს შენობა შემდეგ ქართველ ხელოვანთა საზოგადოებას გადაეცა, სადაც 1920 წელს საქართველოში სახვითი ხელოვნების პირველი მუზეუმი – ,,საქართველოს ეროვნული სამხატვრო გალერეა” გაიხსნა, რომლის ხელმძღვანელად დიმიტრი შევარდნაძე დაინიშნა. დიმიტრი შევარდნაძე 1937 წელს საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლი გახდა.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გერბი წარმოადგენს მრგვალ (ბიზანტიურ ანუ აღმოსავლურ, ლაკიერის მიხედვით - ინგლისურ) ფარს (თუ გლიპტიკაში ეს ყველაზე გავრცელებული ფორმაა, ჰერალდიკაში მას ნაკლებად იყენებენ), მასზე გამოსახულია ირემი, რომელიც ძუძუს აწოვებს ნუკრს.
გვიანანტიკური ხანის შესანიშნავი ძეგლები – ბრინჯაოს ჭვირულგამოსახულებიანი ბალთები – წარმოგვიდგენენ წინაქრისტიანული ხანის ქართული მხატვრული მელითონეობის უკანასკნელ ეტაპს და აგვირგვინებენ ამ დარგის ბრწყინვალე ტრადიციებს.
ბალთებზე გამოსახული ყველა ფიგურა ნაყოფიერების ქალღვთაების უძველესი ზოომორფული სახეა.
უნივერსიტეტის გერბის ცენტრალური ფიგურა – ირემი – ბრინჯაოს ბალთების მიხედვითაა შექმნილი, კომპოზიციის მეორე ელემენტს კი ნუკრის გრაფიკული სახე აქვს მიცემული, ამით ნაწარმოების იდეას ზუსტი ფორმა აქვს მოძებნილი: უფროსის მიერ უმცროსისათვის ცოდნის, სიბრძნის გადაცემის აქტს მინიჭებული აქვს მარტივი, პოეტური და, ამავე დროს, ზოგად პლანში მოაზრებული თაობათა ერთობის სიმბოლური სახე.
ირმებს ფერდებსა და მკერდზე კონცენტრირებული წრეები აქვთ.
ირმების უკან სიცოცხლის ხის გრაფიკული სილუეტია, რომელსაც ძირში და დედა ირმის თავის ზემოთ მარცხნიდან და მარჯვნიდან ვაზის სტილიზებული რქები ეყრება.
ფარის 25 სპირალისებრი ორნამენტისგან შექმნილ მოჩარჩოებას გარს ერტყმის 24 ფიგურისაგან შემდგარი ჩარჩო. ფიგურები მოთავსებულია კუთხოვან წნულ ორნამენტში, რომლის ტეხილი სტილი და გერბის ფარზე გამოსახული ჩუქურთმების ხვეული ფორმების კონტრასტი მთელ ნაწარმოებს დინამიკას ანიჭებს. ფიგურები რეალისტურ თუ ფანტასტიკურ ცხოველებსა და ფრინველებს განასახიერებენ: ლეოპარდი, ლომი, პეგასი, გრიფონი, დრაკონი, პეგასი, ლომი, ფარშევანგი, პეგასი, ლომი, ცხვარი, მარყუჟებად დახვეული გველი, ანტილოპა, ვეფხვი, პეგასი, ლომი, გრიფონი, მარტორქა, გვირგვინიანი გველი, ბუ, შველი, ლომი, ანტილოპა, ლომი.
კუთხოვან-წნულ ჩარჩოში ჩასმული ეს ფიგურები, რომლებიც ფარის ცენტრის ირგვლივ მოძრაობენ, იშხნის მცირე ეკლესიის ხუროთმოძღვრული მორთულობის მიხედვითაა შექმნილი. როგორც ცნობილია, დიმიტრი შევარდნაძემ 1917 წლის სამხრეთ საქართველოში მოწყობილ მესამე არქეოლოგიურ ექსპედიციაში მიიღო მონაწილეობა და სხვა ხუროთმოძღვრულ ძეგლებთან ერთად შეისწავლა იშხნის, ექვთიმე თაყაიშვილის სიტყვებით რომ ვთქვათ, ,,იშვიათი სილამაზის კოხტა ეკლესია და მისი არაჩვეულებრივად ფაქიზი, მშვენიერი მორთულობა”. ეს ეკლესია 1006 წელს აუშენებია მეფე გურგენს (994-1008 წწ), რომელიც ქართველ ბაგრატიონთგან პირველი ატარებდა მეფეთმეფის ტიტულს. სხვადასხვა ფერის ქვით ნაშენ ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის კარს ამშვენებს მდიდარი სკულპტურული თამასა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ცხოველთა ორნამენტი. აქვე მოთავსებულია ასომთავრული წარწერა და თარიღები ქართული და სომხური წელთაღრიცხვის მიხედვით. წარწერის კამარად შემოვლებული თამასა ქართული სკულპტურული ორნამენტის თვალსაჩინო ნიმუშია, მისი გამოყენება თბილისისი უნივერსიტეტის გერბში აიხსნება როგორც წმინდა მხატვრული, ასევე აზრობრივი მნიშვნელობით. დიმიტრი შევარდნაძემ იშხნის მცირე ეკლესიის მორთულობის ცხრამეტი ფიგურა ოცდაოთხამდე შეავსო ისე, რომ არ დაურღვევია სტილური მთლიანობა. გერბის ამ წნული მოჩარჩოებით ერთმანეთისგან გამოყოფილი და ამავე დროს გაერთიანებული ეს ნაწილი სამყაროს სიმბოლოა, რომლის შესახებ ცოდნის მისაღებად აუცილებელი პირობაა დედაშვილობასავით (ირმები) ჭეშმარიტი, მყარი ერთობლიობა (უნივერსიტას) მოძღვარსა და მოსწავლეს შორის და უფროსის მიერ უმცროსისათვის სიბრძნის გადაცემა, გამოცდილების გაზიარება.
გერბის ემბლემა გამოსახული იყო უნივერსიტეტის ბეჭედზე, რომლის ესკიზიც 1918 წლის 5 თებერვალს ახლად დაარსებული თბილისის უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს მე-4 სხდომამ დაამტკიცა. გერბი გამოსახული იყო უნივერსიტეტის გამოცემებზე, 1922 წლიდან მოყოლებეული გერბის გამოსახულებით დამშვენებულ სამკერდე ნიშნებს ატარებდნენ უნივერსიტეტის კურსდამთავრებულნი.
გერბი გამოისახება უნივერსიტეტის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტებზე: დიპლომებსა და ბლანკებზე.
მხატვარი დიმიტრი შევარდნაძე |
ბრინჯაოს ჭვირული ბალთა (სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმი) |
იშხნის მცირე ეკლესია (ფოტო ლოლიტა ციცხვაიასი) |
იშხნის ეკლესიის ჩუქურთმა (დიმიტრი ერმაკოვის ფოტო, ნეგატივი დაცულია შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში) |
უნივერსიტეტის ბეჭედი, რომელიც გამოიყენებოდა უნივერსიტეტის დაარსების პირველ წლებში (ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის მუზეუმი) |