უნივერსიტეტის პანთეონი საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული კულტურულ-ისტორიული ღირსშესანიშნაობაა. უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში დაკრძალული არიან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამაარსებლები, მათ სახელთანაა დაკავშირებული საქართველოში სხვადასხვა სამეცნიერო სკოლისა და მიმდინარეობის დაფუძნება-განვითარება.
უნივერსიტეტის ბაღში 1927 წელს პირველად უნივერსიტეტის პირველი რექტორი პეტრე მელიქიშვილი დაიკრძალა. ერთი წლის მერე, თსუ დაარსების ათი წლის იუბილეზე, რომელიც საზეიმოდ აღინიშნა მთელ საქართველოსა და ამიერკავკასიაში, უნივერსიტეტის ეზოში საფუძველი ჩაეყარა პ. მელიქიშვილის ძეგლს. პირველი რექტორისადმი მიძღვნილ სიტყვაში პრორექტორმა კორნელი კეკელიძემ აღნიშნა:
"შენ ვერ ესწრები ჩვენი უნივერსიტეტის ათი წლის დღესასწაულს, მაგრამ შენი საფლავი იგრძნობს იმ უაღრეს პატივისცემასა და სიყვარულს, რომლითაც გამსჭვალულია შენდამი შენი მოწაფე ახალგაზრდობა. ათასი წლები გაივლიან, თაობები მოვლენ და წავლენ, მაგრამ შენი ძეგლი და შენი დიდი სახელი მუდამ იცოცხლებს და გზას გაუნათებს მომავალ თაობათა ახალგაზრდობის დაუსრულებელ რაზმებს". – ეს სიტყვები შეიძლება ითქვას საქართველოში უმაღლესი საგანმანათლებლო სკოლის ყველა ფუძემდებლის შესახებ.
|
ივანე ჯავახიშვილი (1876-1940 წწ) საქართველოში უნივერსიტეტის დაარსების ინიციატორი და სულისჩამდგმელი, სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის პირველი დეკანი და რექტორი, მეცნიერების ფაქტობრივად თითქმის ყველა დარგში ფუძემდებლური ნაშრომების ავტორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დაარსების ინიციატორი, საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ისტორიის განყოფილების გამგე, რუსთაველის სახელობის მუზეუმის დირექტორი. მოქანდაკე: თენგიზ ღვინიაშვილი. |
|
|
|
პეტრე მელიქიშვილი (1850-1927 წწ) უნივერსიტეტის დამაარსებელი, ცნობილი ქიმიკოსი, უნივერსიტეტის პირველი რექტორი, უნივერსიტეტში ორგანული ქიმიის კათედრის დამაარსებელი და გამგე, ქიმიის ლაბორატორიის, არაორგანული და ორგანული ქიმიის კათედრების დამფუძნებელი, მრავალი ქვეყნის სამეცნიერო აკადემიის წევრი და პრემიის მფლობელი. მოქანდაკე: იაკობ ნიკოლაძე. |
|
ივანე ბერიტაშვილი (1884-1974 წწ) უნივერსიტეტის დამაარსებელი, საქართველოში ფიზიოლოგიური სკოლის ფუძემდებელი, უნივერსიტეტში ფიზიოლოგიის კათედრის დამაარსებელი, ფიზიოლოგიის ინსტიტუტის დამაარსებელი და ხელმძღვანელი, მრავალი ქვეყნის სამეცნიერო აკადემიის წევრი და პრემიის მფლობელი. მოქანდაკე: სილოვან კაკაბაძე. |
|
კორნელი კეკელიძე (1879-1962 წწ) უნივერსიტეტის დამაარსებელი, ძველი ქართული მწერლობის თვალსაჩინო მკვლევარი, უნივერსიტეტში ძველი ქართული ლიტერატურის კათედრის დამაარსებელი, თსუ სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის დეკანი, თსუ პრორექტორი, რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორი. მოქანდაკე: გიორგი ოჩიაური. |
|
დიმიტრი უზნაძე (1886-1950 წწ.) უნივერსიტეტის დამაარსებელი, ქართული ფსიქოლოგიური სკოლის ფუძემდებელი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთი დამაარსებელი, თანამედროვე ქართული პედაგოგიკის ერთ-ერთი პირველი შემოქმედი, საშუალო სკოლისათვის მსოფლიო ისტორიის პირველი ქართული სახელმძღვანელოს ავტორი. მოქანდაკე: გიორგი ოჩიაური. |
|
გიორგი ჩუბინაშვილი (1885-1973 წწ) უნივერსიტეტის დამაარსებელი, ქართული ხელოვნებათმცოდნეობის ფუძემდებელი, უნივერსიტეტში ხელოვნებათმცოდნეობის კაბინეტისა და ძველი ქართული ხელოვნების მუზეუმის დამაარსებელი, თბილისის სამხატვრო აკადემიის დამფუძნებელი და მისი პირველი რექტორი. მოქანდაკე: კარლო ბაკურაძე. |
|
ფილიპე გოგიჩაიშვილი (1872-1950 წწ) – უნივერსიტეტის დამაარსებელი, საქართველოში ეკონომიკურ მეცნიერებათა თვალსაჩინო წარმომადგენელი, საზოგადო და სახელმწიფო მოღვაწე, მთარგმნელი, პუბლიცისტი. მოქანდაკე: ლევან სალუქვაძე. |
|
შალვა ნუცუბიძე (1988-1969 წწ) უნივერსიტეტის დამაარსებელი, ფილოსოფოსი, ქართული ფილოსოფიური აზროვნების მკვლევარი და ისტორიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, კულტუროლოგი, მთარგმნელი, უნივერსიტეტის პრორექტორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთი დამაარსებელი. მოქანდაკე: ოთარ ფარულავა. |
|
ანდრია რაზმაძე (1889-1929 წწ) უნივერსიტეტის დამაარსებელი, თანამედროვე მათემატიკური მეცნიერების ფუძემდებელი საქართველოში, უნივერსიტეტის სამათემატიკო-საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის პირველი დეკანი, მათემატიკაში ქართულ ენაზე პირველი საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოების ავტორი, ქართული მათემატიკური ტერმინოლოგიის ფუძემდებელი. მოქანდაკე: ბიძინა ავალიშვილი. |
|
გიორგი ახვლედიანი (1887-1973 წწ) უნივერსიტეტის დამაარსებელი, თვალსაჩინო ენათმეცნიერი, ენათმეცნიერებაში პირველი ქართული საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოს ავტორი, უნივერსიტეტში ექსპერიმენტული ფონეტიკის ლაბორატორიის დამაარსებელი, საქართველოში საენათმეცნიერო საზოგადოებისა და ლოგოპედიის ფუძემდებელი, ზოგადი და ექსპერიმენტული ფონეტიკის, სანსკრიტის, ბერძნული და ოსური ენების მკვლევარი. მოქანდაკე: ოთარ ფარულავა. |
|
აკაკი შანიძე(1887-1987 წწ ) უნივერსიტეტის დამაარსებელი, თვალსაჩინო ენათმეცნიერი და ფილოლოგი, უნივერსიტეტის სომხური ენის კათედრის გამგე, ქართული ენის კათედრის გამგე, ძველი ქართული ენის კათედრის გამგე, ქართველური ენების სტრუქტურისა და ისტორიის კვლევის, ქართული დიალექტოლოგიის, ლექსიკოლოგიის, ტექსტოლოგიის, არმენისტიკის, ალბანოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი, ქართული ბიბლიური ტექსტების აღმომჩენ-მკვლევარი და გამომცემელი. თბილისის უნივერსიტეტში პირველი დისერტაციის ავტორი.
მოქანდაკე: ბიძინა ავალიშვილი. |
|
გიორგი წერეთელი(1904-1973 წწ) თბილისის უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის კურსდამთავრებული, ცნობილი სემიტოლოგი, უნივერსიტეტის სემიტოლოგიის კათედრისა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დამაარსებელი. მოქანდაკე: გიორგი ოჩიაური. |
|
ნიკო ცხვედაძე (1845-1911) უნივერსიტეტის დამაარსებელი, გამოჩენილი საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი და პუბლიცისტი, მრავალი კულტურულ–საგანმანათლებლო წამოწყების ინიციატორი და მონაწილე იყო. ქართული სათავადაზნაურო გიმნაზიისთვის საკუთარი შენობის ასაგებად საჭირო თანხის შეგროვებას და მშენებლობას ნიკო ცხვედაძე ხელმძღვანელობდა. გიმნაზიამ 1906 წელს დაიწყო ფუნქციონირება, ხოლო 1918 წლის 26 იანვარს აქ პირველი ქართული უნივერსიტეტი გაიხსნა. მოქანდაკე: გიორგი შხვაცაბაია. |
იოსებ ყიფშიძე (1882-1919) დიდი ქართველი ფილოლოგი და ენათმეცნიერი, მონაწილეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებაში, იყო გამგეობის სწავლული მდივანი და ქართული ენის პირველი პროფესორი. იკვლევდა ქართველურ ენებს, მათი აგებულებისა და ისტორიის საკითხებს. მოქანდაკე:ლევან მჭედლიძე. |