ბეჭდვა |/ დახურვა
 
2020-07-23

თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ემერიტუს პროფესორი ნანა ფურცელაძე 90 წლისაა

თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა  ფაკულტეტის ემერიტუს პროფესორი ნანა ფურცელაძე  90  წლისაა


აღმოსავლეთმცოდნე, სემიტოლოგი, არაბისტი პროფესორი ნანა ფურცელაძე იმ ადამიანებს განეკუთვნება, რომელთა სამეცნიერო, პედაგოგიური და მთარგმნელობითი მოღვაწეობა არის მყარი ბურჯი ევროპული ღირებულებებისა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

ქართული აღმოსავლეთმცოდნეობის სკოლის გამორჩეული ფიგურის, აკადემიკოს გიორგი წერეთლის მოწაფის სახელს უკავშირდება მანამდე წმინდა ლინგვისტური პროფილის ქართულ სემიტოლოგიურ სასწავლო-სამეცნიერო სკოლაში მრავალსაუკუნოვანი, მდიდარი ტრადიციების მქონე არაბული ლიტერატურის სწავლებისა და კვლევის,  აკადემიური, მაღალმხატვრული თარგმანის შემოტანა და დანერგვა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

ისლამამდელი არაბული პოეტური კრებულის „მუალაკების“, შუა საუკუნეების არაბული ფოლკლორული პროზის უკვდავი ძეგლის „ათას ერთი ღამის“ სრული აკადემიური თარგმანი (პროფესორ თინათინ მარგველაშვილთან ერთად), თანამედროვე არაბული პოეზიისა და პროზის გამორჩეული სახელების ქართულ სამეცნიერო თუ მთარგმნელობით ლიტერატურულ სივრცეში შემოყვანა პროფესორ ნანა ფურცელაძის დამსახურებაა ისევე, როგორც მის გაკვალულ გზაზე გამოზრდილი თაობები, რომელთათვისაც ქალბატონი ნანა დღემდე რჩება უნაკლო, მისაბაძ მაგალითად.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი ულოცავს ამაგდარ მეცნიერს, მკვლევარსა და მთარგმნელს, პროფესორ ნანა ფურცელაძეს 90 წლის იუბილეს და კვლავაც ნაყოფიერ აკადემიურ მოღვაწეობას უსურვებს მრავალი წლის მანძილზე.

ის დიდი სითბო და სიყვარული, რომელიც მის სახელს მოსავს მის ნასტუდენტარ თაობებში, ყველაზე ჭეშმარიტი და დიდი ჯილდოა, რაც კი შეიძლება პროფესორმა მრავალწლიანი დაუღალავი შრომის სანაცვლოდ მოიპოვოს.
Print

« იხ. ყველა სიახლე