ხუთშაბათს, I აგვისტოს თსუ-ის I კორპუსის 06 აუდიტორიაში, 9:00 საათზე პროფესორი მარტინეკი წაიკითხავს საჯარო ლექციას, რომელიც მიეძღვნება შედარებითი სამართლის მეთოდოლოგიას.
ღონისძიება გაიმართება ინგლისურ ენაზე.
პროფ. იურ. და პოლიტ. მეცნ. დოქტ., მრავალგზის საპატიო დოქტორი მიხაელ მარტინეკი არის ზაარლანდის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი, რომელსაც უკვე ორ ათწლეულზე მეტია მჭიდრო ურთიერთობები აკავშირებს საქართველოსთან. პროფესორი მარტინეკი არის არაერთი ქართველი იურისტის მასწავლებელი და ზაარლანდის უნივერსიტეტის LL.M პროგრამა, რომელსაც ის უძღვება, დღესაც აგრძელებს ქართველი სტუდენტების მიღებას.
გარდა იმისა, რომ პროფესორი მარტინეკი გერმანული სამეწარმეო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული ავტორიტეტია და მისი 35 წლის წინ გამოქვეყნებული კომპენდიუმი „უსაფუძვლო გამდიდრების სამართალში“ დღემდე ამ დარგის მთავარ ნაშრომად რჩება, ის არის ამავდროულად შედარებითი სამართლის სპეციალისტი, რომლის მოღვაწეობის არეალიც 4 კონტინეტს სწვდება. ის არის იოჰანესბურგისა და ვუჰანის უნივერსიტეტების მოწვეული პროფესორი და მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი აღმოსავლეთ ევროპის მთელი რიგი ქვეყნების სამართლის ევროპეიზაციაში.