ბეჭდვა |/ დახურვა
 
2016-10-21

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის გამოცემების განთავსება უზენაესი სასამართლოს ვებ-გვერდზე


  სიხარულით გაუწყებთ, რომ დღეიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს ვებ-გვერდზე ხელმისაწვდომი ხდება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ორენოვანი სამეცნიერო პერიოდული გამოცემები - ,,სამართლის ჟურნალი“ (Journal of Law) და ,,დავის ალტერნატიული გადაწყვეტა - წელიწდეული“ (Alternative Dispute Resolution – Yearbook).

  ,,სამართლის ჟურნალი“ თსუ იურიდიული ფაკულტეტის   ფართო პროფილის პირველი სამეცნიერო რეფერირებადი ჟურნალია, რომელიც გამოიცემა 2009 წლიდან. ხოლო ,,დავის ალტერნატიული გადაწყვეტა - წელიწდეული“  ორენოვანი სპეციალიზებული  სამეცნიერო ჟურნალია, რომელიც დაფუძნდა საქართველოს სამართლებრივ სივრცეში მედიაციის ინსტიტუტის დანერგვის დღიდან.  ჟურნალებში იბეჭდება ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების აღიარებულ მკვლევართა წერილები, ქართული იურიდიული საზოგადოების, უმთავრესად, თსუ იურიდიული ფაკულტეტის, თვალსაჩინო წარმომადგენლთა პუბლიკაციები.

  ჟურნალების სარედაქციო კოლეგია აერთიანებს სამართლის სფეროში მოღვაწე აღიარებულ უცხოელ და ქართველ მეცნიერებს. პერიოდიკა განთავსებულია არაერთი საერთაშორისო კვლევითი ცენტრისა და უნივერსიტეტის ბაზაში. მათ შორისაა ჰამბურგის მაქს-პლანკის სახელობის საზღვარგარეთის ქვეყნებისა და საერთაშორისო კერძო სამართლის ინსტიტუტი, ჰარვარდის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა და სხვა. 

  სამართლის ტრანსფორმაციისა და  ევროპულ სამართალთან ჰარმონიზაციისთვის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ფუნდამენტური სამეცნიერო კვლევების განხორციელება და მათი შედეგების ფართო ხელმისაწვდომობის, კვლევის ინტერნაციონალიზაციის უზრუნველყოფა. 

  აღნიშნული სამეცნიერო ჟურნალების საქართველოს უზენაესი სასამართლოს გამოცემებთან ერთად განთავსება უდავოდ დიდი პატივია. იმედი გვაქვს, მათი ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სამართლის განვითარებას, სამართლის პრაქტიკისა და კვლევის ინტეგრაციას. 
 
იხილეთ ვებ-გვერდი.

Print

« იხ. ყველა სიახლე