ბეჭდვა |/ დახურვა
 
2014-05-29

გამოვიდა ახალი კაზუსების კრებული

სავარჯიშოები სამოქალაქო სამართლის ზოგად ნაწილსა 
და სანივთო სამართალში

ავტორები : პროფესორი ბესარიონ ზოიძე, პროფესორი ლადო ჭანტურია, ასოცირებული პროფესორი თამარ ზარანდია, სამართლის დოქტორი, მოსამართლე ეკა ზარნაძე, ასოცირებული პროფესორი ლ ალი ლაზარაშვილი, ასისტენტ - პროფესორი ქეთევან ქოჩაშვილი, 
ასისტენტ-პროფესორი თამარ ზოიძე, დოქტორანტები: თამარ ლაკერბაია და სერგი ჯორბენაძე.

სამართალი არ არის მხოლოდ საკანონმდებლო პროდუქტი, იგი იმავდროულად იურიდიული განათლების პროდუქტიცაა. ამ კრებულის მიზანია დაეხმაროს ცივილისტიკის დაუფლების პირველ წლებში სამუშაო ჯგუფების ხელმძღვანელებს - მის სწავლებაში, ხოლო სტუდენტს - სწავლაში, თეორიული მასალის ათვისების პარალელურად სტუდენტებს შეასწავლოს სამართალგამოყენების მეთოდოლოგია, გამოუმუშავოს სუბსუმფციის მეთოდის დაუფლებით ლოგიკურად სტრუქტურირებული, დამაჯერებელი სამართლებრივი დასკვნის მომზადების უნარი. სწორედ აღნიშნული მეთოდის გამოყენება განასხვავებს იურისტს არაიურისტისაგან. მართალია ხშირად არაიურისტსაც ძალუძს სწორად შეაფასოს შექმნილი პრობლემური სიტუაცია, მაგრამ ეს შეფასება არ ემყარება სამართლებრივი საფუძვლების სწორად განსაზღვრას. იურისტისათვის მნიშვნელოვანია იმ ნორმის/ნორმების პოვნა, რომელსაც შეიძლება დაეფუძნოს ამოცანის გადაწყვეტა. 
წინამდებარე კრებულის შექმნა გარკვეული პედაგოგიური ინტერესით იყო ნაკარნახევი. წარმოდგენილი კრებული აერთიანებს იურიდიულ სავარჯიშოებს იმ თემებზე, რომელიც იკითხება სამართლის სკოლებში სწავლების პირველ წლებში, თუმცა მათზე მუშაობისას სტუდენტებს მოუწევთ ისეთ საკითხებზე მსჯელობაც, რომელიც ამ თემების ბუნებრივი გაგრძელებაა და სამოქალაქო სამართლის ორბიტაში შედის. 
კრებულის ერთ-ერთი რედაქტორის, პროფესორ ლადო ჭანტურიას მიერ დეტალურად არის აღწერილი თუ რას გულისხმობს სუბსუმფციის მეთოდი და როგორ უნდა ამოვხსნათ კაზუსი მისი გამოყენებით. კრებულში მოცემულია კაზუსის ამოხსნის ნიმუშები, როგორც ილუსტრაცია სამართლებრივი დასკვნის ლოგიკური, სტრუქტურირებული გადმოცემისა. ისინი ისეა შესრულებული, რომ იოლად აღქმადი იყოს ქართველი სტუდენტისათვის. კაზუსები სხვადასხვა ავტორთა მიერ არის შესრულებული, რაც განაპირობებს მათი ამოხსნისადმი ხშირ შემთხვევაში არაერთგვაროვან მიდგომებს. ეს ბუნებრივიცაა ავტორთა ჯგუფის პირობებში, როცა მათი სტილი სრულად არის დაცული. 
კაზუსების უმეტესობას ამოხსნები არ ახლავს, რაც კარგი მასალა უნა იყოს იურიდიული ვარჯიშისათვის. კაზუსების ამოხსნისას უნდა გვახსოვდეს სხვადასხვა პასუხის არსებობის შესაძლებლობა. იურისპრუდენცია არ არის ზუსტი მეცნიერება, შეფასებითი ელემენტი საშუალებას აძლევს სამართალს შეინარჩუნოს აუცილებელი მოქნილობა და განვითარების შესაძლებლობა. სტუდენტი იურისტი პირველივე სემესტრიდან ითავისებს, რომ იურიდიულ კაზუსებში არ არის სწორი ან არასწორი პასუხი, პასუხი შეიძლება იყოს დასაბუთებული ან არა. კაზუსის ამოხსნისას ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ სტუდენტმა გამოავლინოს მოცემული დავალების ყველა პრობლემა, ინტერესთა კონფლიქტი, კონტრარგუმენტები, ალტერნატიული გადაწყვეტილებები. ჩვენი მიზანია სტუდენტი დაეუფლოს დეტალური, საფუძვლიანი სამართლებრივი დასკვნის შედგენისა და დასაბუთების ტექნიკას.
Print

« იხ. ყველა სიახლე