გაცნობებთ, რომ გამოიცა გარე მობილობით გადმოსულ სტუდენტთა ჩარიცხვის
ბრძანება.
მათ, ვინც მოიპოვა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების უფლება, პირველ რიგში უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია, რაც გულისხმობს სწავლის საფასურის გადახდას (სემესტრის საფასური 1125 ლარი). თანხის გადახდა შეგიძლიათ თიბისი ბანკსა და ლიბერთი ბანკში. თანხის ჩარიცხვას შეძლებთ თქვენი სახელის, გვარისა და პირადი ნომრის მითითებით. თანხასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე შეგიძლიათ მიმართოთ საფინანსო დეპარტამენტს, პირველი აკადემიური კორპუსის 019 აუდიტორია, ან დარეკეთ ნომერზე: 2 251658.
გარე მობილობით გადმოსულ სტუდენტებს უკვე აქვთ SMS.TSU.GE-ს ბაზა. პაროლის სახით მიუთითეთ თქვენი პირადი ნომერი. სასურველია, რომ მოკლე ვადაში შეცვალოთ პაროლი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ბაზაში თქვენი მონაცემების, გავლილი საგნების ასახვა. მას მერე, რაც დასრულდება აღნიშნული სამუშაო, 2 ოქტომბრის 17:00 საათზე ყველა მობილობით გადმოსულ სტუდენტს ერთდროულად გაეხსნება ბაზა და შეძლებთ შესაბამისი საგნების არჩევას. ამ ეტაპზე, ფაკულტეტი შემოგთავაზებთ საგნებს არსებული რესურსების გათვალისწინებით. იურიდიული ფაკულტეტი მაქსიმალურად შეგიწყობთ ხელს ამ არჩევანში, თუმცა გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მობილობით თსუ იურიდიულ ფაკულტეტზე გადმოსვლა არის თქვენი გადაწყვეტილება და ფაკულტეტი ვერ იქნება აქედან გამომდინარე უარყოფითი რისკების ადრესატი.
თქვენ ვალდებულნი ხართ ერთი თვის მანძილზე, წარმოადგინოთ თქვენი პირადი საქმე, რომელიც ინახება იმ უნივერსიტეტში, საიდანაც გადმოხვედით. თავდაპირველად, თქვენს მიერ წარმოდგენილი იყო თქვენი პირადი საქმის ასლები, ხოლო ჩარიცხვის შემდგომ, ვალდებულნი ხართ წარმოადგინოთ უნივერსიტეტში თავად პირადი საქმე. ამისათვის SMS.TSU.GE-ს კორესპონდენციიდან მოგვწერეთ, რომ გსურთ მიმართვა პირადი საქმის წამოსაღებად.
პირად საქმეში უნდა იყოს შემდეგი დოკუმენტაცია:
1) უნივერსიტეტში პირველადი ჩარიცხვის ბრძანება;
2) ცნობა სტატუსის შესახებ;
3) ამონაწერი სასწავლო ბარათიდან;
4) ატესტატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
5) პირადობის მოწმობის ასლი;
6) წვევამდელის მოწმობა;
7) 2 ცალი ფოტო 3x4-ზე + დისკი რომელზეც ჩაწერილი იქნება ფოტოსურათები.
წარმოდგენილი დოკუმენტაცია უნდა ჩაბარდეს იურიდიული ფაკულტეტის კანცელარიას (მეორე კორპუსი, 117-ე ოთახი).
იმ სტუდენტებთან დაკავშირებით, ვინც არ არის ჩარიცხვის ბრძანებაში, მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება და იმ შემთხვევაში, თუკი არსებული ხარვეზები გამოსწორდა დამატებით გამოიცემა ბრძანება ჩარიცხვის შესახებ.
გისურვებთ წარმატებას თსუ იურიდიულ ფაკულტეტთან ერთად!