ბეჭდვა |/ დახურვა
 
2020-03-02

ძვირფასო სტუდენტებო!




გაცნობებთ, რომ განათლების სამინისტროს რეკომენდაციისა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) პოზიციის გათვალისწინებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყველა ფაკულტეტსა და სწავლების ყველა საფეხურზე სასწავლო პროცესი გადაიდო მიმდინარე წლის 16 მარტამდე.

გაზაფხულის სემესტრში სასწავლო პროცესი იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისათვის ძირითადად წარიმართება უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მე-10, მე-11 და მე -12 სართულებზე. ამ მიზნებისათვის უნივერსიტეტი არემონტებს აღნიშნულ სივრცეს.  ბაკალავრიატის სასწავლო მეცადინეობების ცხრილი ფაკულტეტის ვებ. გვერდზე განთავსდა 28 თებერვალს, ხოლო აკადემიური რეგისტრაციის პროცესი სასწავლო დისციპლინებზე დაიწყება 2 მარტის 17 საათზე

სასემინარო მეცადინეობის ცხრილი ფაკულტეტის ვებ. გვერდზე განთავსდება 9 მარტის 17 საათზე. სემინარებზე რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება 12 მარტის 17 საათიდან. სასწავლო პროცესი კი, როგორც აღინიშნა, დაიწყება 16 მარტიდან.

მაგისტრატურის სასწავლო მეცადინეობის ცხრილი ფაკულტეტის ვებ. გვერდზე განთავსდა 25 თებერვლის 18 საათზე, ხოლო დისციპლინებზე რეგისტრაცია დაიწყო 28 თებერვლის 18 საათზე. სასწავლო მეცადინეობები მაგისტრატურის საფეხურზე, დაიწყება 16  მარტიდან პირველ აკადემიურ კორპუსში.

დამატებითი განმარტებები ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისათვის აკადემიური რეგისტრაციების  პროცესთან დაკავშირებით

ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის ბაზაში ყველა სალექციო დისციპლინა გაიხსნება ერთდროულად. გახსოვდეთ, რომ სასწავლო დისციპლინაზე რეგისტრაცია ბოლონიელ გლოსატორთა პრინციპით ხორციელდება „primo in tempore, potior in iure“  (დროში პირველი,  უფლებაში უპირატესი).   სავალდებულო საგნებზე ადგილები დაემატება მოთხოვნის შესაბამისად. არც ერთი სტუდენტი არ დარჩება სავალდებულო საგანზე რეგისტრაციის გარეშე

თუკი ვერ დარეგისტრირდით რომელიმე სავალდებულო ან არჩევით დისციპლინაზე,   გთხოვთ, მოგვწეროთ  Lms.tsu.ge- დან.  ამისათვის საგნის გასწვრივ მონიშნეთ ღილაკი „მოთხოვნები საგანზე“ და გამოაგზავნეთ განცხადება. საგნებზე ადგილები დაემატება თქვენი მოთხოვნისა და არსებული რესურსების გათვალისწინებით  2 მარტის 18 საათზე და  4 მარტის 17 საათზე.

იურიდიული ფაკულტეტი ტრადიციულად მოგმართავთ თხოვნით გადაამოწმოთ ბაზაში თქვენი საკონტაქტო ინფორმაციის (უპირატესად ტელეფონის ნომრის) სისწორე, რათა შეძლოთ  ფაკულტეტისგან მოწოდებული ინფომაციის დროული მიღება.

სტუდენტებს, რომელთაც სურთ ხელმეორედ დარეგისტრირდნენ დისციპლინაზე ქულის გაუმჯობესების მიზნით, შეუძლიათ მოგვმართონ ამის თაობაზე Lms.tsu.ge- დან მიმდინარე წლის 2 მარტის ჩათვლით. გთხოვთ, თქვენს ინდივიდუალურ ცხრილში დატოვოთ შესაბამისი ადგილი და განცხადებაში მიუთითოთ სასურველი პროფესორი. თქვენი განცხადებები დამუშავდება  და დისციპლინა ინდივიდუალურ ცხრილში აისახება არაუგვიანეს 7 მარტისა.

დამატებით სემესტრთან დაკავშირებით შეგიძლიათ მოგვმართოთ lms.tsu.ge-ს შესაბამისი გრაფიდან (დამატებით სემესტრზე რეგისტრაცია). რადგან აკადემიური რეგისტრაციები იურიდიულ ფაკულტეტზე იწყება 2 მარტს, სასურველია განცხადება დამატებით სემესტრთან დაკავშირებით დროულად შემოვიდეს ფაკულტეტზე, რათა ამ პროცესში შეუფერხებლად ჩაერთოთ. 

განმარტება სასემინარო განრიგთან დაკავშირებით
როგორც მოგეხსენებათ, იურიდიული ფაკულტეტი ძირითადად გთავაზობთ სავალდებულო საგნებზე პროფესორის არჩევის შესაძლებლობას (სააუდიტორო რესურსის გათვალისწინებით). რადგან ფაკულტეტი უზრუნველყოფს ლექტორის არჩევითობას, ხშირ შემთხვევაში ამატებს ადგილებს მოთხოვნის არსებობისას, სასემინარო ცხრილის ზუსტი დაგეგმვა სალექციო ცხრილთან ერთად შეუძლებელია. ამდენად, სასემინარო მეცადინეობის ცხრილი ფაკულტეტის ვებ. გვერდზე, განთავსდება 9 მარტის 17 საათზე. სემინარებზე რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება 12 მარტის 17 საათიდან. სასწავლო პროცესი კი, როგორც აღინიშნა, დაიწყება 16 მარტიდან.

ამასთან, უცხო ენების ცენტრთან არსებული შეთანხმებით, დამთხვევების თავიდან ასაცილებლად, უცხო ენებზე რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება სემინარების არჩევის პარალელურად, შესაბამისად, უცხო ენათა ცენტრი, ასევე უზრუნველყოფს უცხო ენათა ცხრილების შეთავაზებას სასემინარო განრიგთან ერთად.

 გისურვებთ  სასურველი  ინდივიდუალური  ცხრილის  შედგენას!

Print

« იხ. ყველა სიახლე