2014 წლის
16 ოქტომბერს, 10.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში
(ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, აუდიტორია 107) ჩატარდება საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმი
„ღვიძლისა და პანკრეასის/ლანგერჰანსის კუნძულების ტრანსპლანტაცია - ორგანიზაციული, იურიდიული, კლინიკური და სამეცნიერო ასპექტები“.
სიმპოზიუმი ორგანიზებულია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით (საკონფერენციო გრანტების პროგრამა).
სიმპოზიუმში მონაწილეობას მიიღებენ გერმანიიდან, შვეიცარიიდან, აშშ–სა და
თურქეთიდან მოწვეული სპეციალისტები. გერმანელი მეცნიერები წარმოადგენენ
მიუნჰენის ტექნიკური უნივერსიტეტის იმ კლინიკას, რომელთანაც თსუ-ს
გაფორმებული აქვს თანამშრომლობის ხელშეკრულება.
ღვიძლის და პანკრეასის/ლანგერჰანსის კუნძულების ტრანსპლანტაცია (მათ შორის
ცოცხალი დონორიდან ნახევარი ღვიძლის გადანერგვა) დღეს დასავლეთის
ქვეყნებში პრაქტიკულად რუტინული ოპერაციაა. ეს მნიშვნელოვანწილად
განაპირობა თანამედროვე მაღალტექნოლოგიური აპარატურისა და ხელსაწყოთა
გამოყენებით ოპერაციების შესრულებამ, დონორების შერჩევის მაღალი
სტანდარტების დამკვიდრებამ, იმუნოლოგიის მიღწევათა იმპლემენტაციამ.
შედეგად, ღვიძლ და პანკრეასგადანერგილი პაციენტების რაოდენობამ და
ოპერაციის კარგი შორეული შედეგების (5 წელი და მეტი) სიხშირემ მოიმატა და
შესაბამისად 80% და 75% -ს მიაღწია.
საქართველოში ღვიძლისა და პანკრეასის/ლანგერჰანსის კუნძულების
ტრანსპლანტაცია ჯერ-ჯერობით არ გასცილებია ექსპერიმენტულ კვლევებს.
ამასთანავე, ქართველ ქირურგთა ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლები სულ უფრო
მზარდ ინტერესს იჩენენ ამ საკითხის მიმართ.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
მედიცინის ფაკულტეტთან აფილირებული ქირურგთა და უცხოელ ქირურგთა ჯგუფი
მიზნად ისახავს საქართველოში ღვიძლისა და პანკრეასის/ლანგერჰანსის
კუნძულების გადანერგვის იმპლემენტაციას. ასეთ ვითარებაში ღვიძლისა და
პანკრეასის/ლანგერჰანსის კუნძულების ტრანსპლანტაციის პრობლემათა ექსპერტული
განხილვა არის ძალზედ აქტუალური და მნიშვნელოვანი პროცესი.
სიმპოზიუმის მთავარ მიზანს წარმოადგენს ღვიძლისა და
პანკრეასის/ლანგერჰანსის კუნძულების გადანერგვის თაობაზე თანამედროვე
ცოდნის მიწოდება და ამ ოპერაციათა იმპლემენტაციისათვის საჭირო სამოქმედო
ალგორითმის შემუშავება.
სიმპოზიუმის წარმატებით ჩატარება ხელს შეუწყობს ღვიძლისა და
პანკრეასის/ლანგერჰანსის კუნძულების ტრანსპლანტაციის ორგანიზაციული,
იურიდიული, კლინიკური და სამეცნიერო ასპექტების შესახებ სამეცნიერო
კვლევებზე დაფუძნებული ცოდნის სწორად გაანალიზებას.
სიმპოზიუმის მონაწილე ქართველ მეცნიერებსა და მედიკოსებს (ქირურგებს,
იმუნოლოგებს, კლინიკურ პათოლოგებს, ბიოეთიკოსებს, ჯანდაცვის
ორგანიზატორებს) შეექმნებათ სწორი წარმოდგენა ღვიძლისა და
პანკრეასის/ლანგერჰანსის კუნძულების ტრანსპლანტაციის დამკვიდრებისათვის
გადასაჭრელ პრობლემათა მთელს სპექტრზე.
დაგეგმილია საქართველოში ღვიძლისა და პანკრეასის/ლანგერჰანსის კუნძულების
ტრანსპლანტაციის განვითარების 4-წლიანი გეგმის მომზადება ჟენევის
უნივერსიტეტის კლინიკის, მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის კლინიკისა და
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლინიკის
მონაწილეობით.
სიმპოზიუმის პროგრამა
GEO ENG
მოსაწვევი ბარათი