2010-11-24

ფონდი “ღია საზოგადოება - საქართველო” აცხადებს ყოფილი თანამშრომლის, თეა ახობაძის სახელობის კონკურსს

ფონდი “ღია საზოგადოება - საქართველო” აცხადებს კონკურსს ორიგინალური  სტატიის/მცირე ნაშრომის მოსამზადებლად თემაზე:  

ნარკომანია საქართველოში-  სამედიცინო, სოციალური და კულტურული ასპექტები.


კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს ნებისმიერი უმაღლესი  სასწავლო დაწესებულების ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტებს.


კონკურსის პირობები:

  • მიიღება როგორც ჯგუფური, ასევე ინდივიდუალური განაცხადები;
  • ჩატარდება 2 კონკურსი, ერთი-ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის, ხოლო მეორე-მაგისტრატურის სტუდენტებისთვის;
  • მონაწილეებმა განაცხადი  უნდა წარმოადგინონ ნაბეჭდი ან ელექტრონული ფორმით არანაკლებ  2 გვერდისა და არაუმეტეს 5 გვერდისა;
  • ტექსტი აკრეფილი უნდა იყოს “AcadNusx” ან “Sylfaen” შრიფტით ქართულ ენაზე;
  • ტექსტი უნდა იყოს გამართული და რედაქტირებული;
  • კონკურსში გამარჯვებულმა მონაწილეებმა უნდა მოაწყონ სტატიის/ნაშრომის პრეზენტაცია;
  • კონკურსში გამარჯვებულმა მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ სალარე ანგარიშის შესახებ დეტალური ინფორმაცია ბანკიდან (საბანკო რეკვიზიტები);
  • გამარჯვებულ სტატიებზე საავტორო უფლებები გადაეცემა ფონდს “ღია საზოგადოება - საქართველო”.


 ვადები

  • კონკურსისთვის განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2010 წლის 8 დეკემბერი;
  • განაცხადების შეფასება დასრულდება 2010 წლის 19 დეკემბერს;
  • კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოება მოხდება 2010 წლის 22 დეკემბერს.

 პრიზები კონკურსში გამარჯვებულთათვის


I     ადგილი - ერთი ნომინაცია - 800 ლარი;

II   ადგილი - ორი ნომინაცია - 400 ლარი;

III  ადგილი - სამი ნომინაცია - 200 ლარი.



კონკურსისთვის განაცხადები წარდგენილ უნდა იქნას:

ელექტრონული ფორმით, მეილზე -   nato@osgf.ge   (მოითხოვეთ ფონდის მხრიდან  წერილის მიღების/რეგისტრაციის დადასტურება. თუ დასტური ვერ მიიღეთ, გთხოვთ  გადაამოწმოთ  ტელეფონის საშუალებით)

ან

ფონდის ოფისის სამდივნოში (ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველო”, თბილისი,  0108, ჭოველიძის ქ. № 10,  ყოფილი ბელინსკის ქუჩა, ტელ: 25 04 63).


განაცხადის წარმოდგენისას მიუთითეთ:

1.  კონკურსის დასახელება - “თეა ახობაძის სახელობის კონკურსი”;

2. კონკურსში მონაწილის სახელი, გვარი, საკონტაქტო ტელეფონები, ელექტრონული  ფოსტის მისამართი;

3.  კონკურსში მონაწილის პირადობის მოწმობის ასლი და მისამართი;

4. საქართველოს უმაღლესი სასწავლო დაწესებულების ბაკალავრიატის ან  მაგისტრატურის სტუდენტის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.


კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ ტელეფონზე: 25 04  63 (ნატო ფიცხელაური) ან მოგვწერეთ ელ-ფოსტის საშუალებით:   nato@osgf.ge   .


მოკლე ბიოგრაფიული ცნობები თეა ახობაძის შესახებ

თეა ახობაძე ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოში" მუშაობდა 2004-2010 წლებში.  იგი გარდაიცვალა  2010 წლის 12 ივნისს, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ.

თეა იყო ზიანის შემცირების სფეროს შესანიშნავი სპეციალისტი, ხელმძღვანელობდა  საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მიმართულების ზიანის შემცირების პროგრამასა და  მედიკამენტების ხელმისაწვდომობის ინიციატივას. მიუხედავად ჯანმრთელობის მძიმე  მდგომარეობისა, სიცოცხლის ბოლო დღეებამდე თავდაუზოგავად მუშაობდა სოციალურად  დაუცველი ადამიანების ინტერესების დაცვაზე და საქართველოს კანონმდებლობის  გაუმჯობესებაზე.

თეა  1972 წლის 8 აგვისტოს  დაიბადა ქ. თბილისში. წარჩინებით დაამთავრა 55-ე  საშუალო სკოლა.  წარმატებით დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი, იმუნოლოგიის განხრით.  მოგვიანებით სწავლა გააგრძელა დიდ ბრიტანეთში, ვორვიკის უნივერსიტეტში (The
University of Warwick), სადაც მოიპოვა მედიცინის სოციალური ისტორიის  მაგისტრის აკადემიური ხარისხი. 11 წლის მანძილზე მუშაობდა იმუნორეგულაციისა  და იმუნობიოტექნოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ლაბორატორიაში; მუშაობდა ასევე  საერთაშორისო განათლების საკონსულტაციო ცენტრში, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის  მოსახლეობის საკომუნიკაციო პროგრამაში, საქართველოს წითელი ჯვრის  საზოგადოებასა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტში. ბოლო წლები კი ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოში” გაატარა.
Print

« იხ. ყველა სიახლე