2018-06-15
ლაშა ხოჯანაშვილის დისერტაციის დაცვა
თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ფსიქოლოგიის დეპარტამენტი წარმოგიდგენთ
სადისერტაციო ნაშრომის დაცვას
ლაშა ხოჯანაშვილი - ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტი
დეპარტამენტიფსიქოლოგია
სადოქტორო პროგრამაორგანიზაციის განვითარება და კონსულტირება
თარიღი და დრო19.06.2018. 17:00 საათი. თსუ 1–ლი კორპუსი, აუდიტორია #07
აღწერა
დისერტაციის სახელწოდება:„ზრდასრულთა სწავლების თავისებურებები ძალოვან სტრუქტურათა ქვემდებარე სასწავლო ორგანიზაციებში (შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის მაგალითზე)“
აბსტრაქტითანამედროვე ეპოქაში მიმდინარე ცვლილებების პარალელურად, იზრდება სწავლის ფუნქციური დატვირთვა პიროვნებისა და საზოგადოების განვითარებისათვის. სწავლის პროცესი უზრუნველყოფს სუბიექტის საზოგადოებასთან წარმატებულ ადაპტაციას, ხოლო სახელმწიფო, რომელიც შედგება წარმატებით ადაპტირებული ინდივიდებისაგან, უფრო ძლიერია და განვითარების მეტი შანსი აქვს. სახელმწიფოს წარმატებით ფუნქციონირების საკვანძო მიმართულებას წარმოადგენს მისი სამართალდამცავი უწყებები. შესაბამისად, მაღალკვალიფიციური სამართალდამცავის სტანდარტის შექმნა სახელმწიფოს სტრატეგიულ ინტერესია. არსებული სტანდარტის მიღწევისათვის არსებითია სამართალდამცავ უწყებათა ბაზაზე არსებული სასწავლო დაწესებულებების სწავლების ხარისხის ზრდა და რეკრუტებისთვის სახელმწიფოს წინაშე არსებულ გამოწვევებთან გამკლავებისათვის აუცილებელი ცოდნის, დამოკიდებულებების და უნარების, გამომუშავება.
სწავლის ორგანიზებისას, საქართველოში არსებული სასწავლო დაწესებულებები აწყდებიან რიგ პრობლემებს, რომელთა გამოც ცოდნის რეკრუტებზე გადაცემა და არსებული ცოდნის პრაქტიკაში ტრანსფერი რთულდება. ეს კი იწვევს სწავლების ეფექტურობის შემცირებას და სახელმწიფო რესურსის ხარჯვას. მსმენელის აკადემიურ მოსწრებასა და მის მიერ სასწავლო მასალის დაძლევის ხარისხზე ფაქტორთა დიდი წრე ახდენს ზეგავლენას. მათი ზეგავლენის ხარისხი შესაძლოა იცვლებოდეს საზოგადოებაში არსებული გამოწვევების და სოციალურ-ფსიქოლოგიური კონტექსტის სპეციფიკიდან გამომდინარე, რაც კიდევ უფრო ართულებს სამართალდამცავთა სწავლო-სწავლების ეფექტურ ორგანიზებას.აღსანიშნავია, რომ ფაქტორთა ვრცელი წრიდან, საპოლიციო სპეციფიკის მქონე სასწავლო დაწესებულებებში, ეფექტურობისა და ეკონომიურობის თვალსაზრისით გამოირჩევა ლექტორი და მის მიერ გამოყენებული სწავლების დიზაინი და მიდგომები. ზრდასრულთა სწავლება განსხვავდება სწავლების ზოგადი თეორიული მოდელებისაგან და შესაბამისად, ზრდასრულთა ფსიქო-სოციალურ მახასიათებლებზე მორგებული სწავლების დიზაინი აუმჯობესებს შემსწავლელთა აკადემიური შედეგის აფექტურ, კოგნიტურ და კონატურ კომპონენტს. შესაბამისად, არსებული კვლევის მიზანს წარმოადგენდა გაგვერკვია, თუ რა არის ის ძირითადი თავისებურებები რომლებიც ზრდასრულთა სწავლებას ახასიათებს და რა ზეგავლენა აქვს, ამ თავისებურებებზე მორგებულ სწავლების დიზაინს, მათი აკადემიური მოსწრების აფექტურ/კონატურ/კოგნიტურ კომპონენტზე.
კვლევა ჩატარდა ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე განისაზღვრა ზრდასრულთა სწავლების ზოგადი პრობლემატიკა და ამასთან ერთად, ჩატარდა ოთხი ფოკუს-ჯგუფი სამიზნე (საკვლევ) აუდიტორიასთან (თითოეული ჯგუფი შედგებოდა 8-9 მონაწილისგან). ფოკუსირებული დისკუსიის მიზანი იყო ქართულ სოციალურ-კულტურულ კონტექსტში ზრდასრულთა სწავლების თეორიული პრობლემატიკის გამოკვეთა, კვლევის შედეგების საფუძველზე ჩამოყალიბდა კვლევის საბოლოო ჰიპოთეზები, კერძოდ:
H1 ჰიპოთეზა - ზრასრულთა სწავლების პრინციპებზე აგებულ სწავლების დიზაინს პოზიტიური ზეგავლენა აქვს აკადემიური მოსწრების აფექტურ/კონატურ/კოგნიტურ კომპონენტზე;H2 ჰიპოთეზა - ზრდასრულთა სპეციფიკური მახასიათებლები მათი აკადემიური ქცევის პრედიქტორებს წამოადგენენ;
კვლევის ჰიპოთეზების შემოწმების მიზნით დაიგეგმა ექსპერიმენტული კვლევა, კერძოდ, მოხდა სწავლების ექსპერიმენტული (კუმულაციური სწავლების დიზაინის) შემუშავება და მისი ექსპერიმენტული გზით შეფასება. ექსპერიმენტული დიზაინის კვლევაში მონაწილეობა მიიღო 68 მონაწილემ, რომლებიც გადანაწილებულნი იყვნენ სამ დამოუკიდებელ ჯგუფში.
შედეგების ანალიზი განხორციელდა საშუალოთა შორის განსხვავების T სტატისტიკის საფუძველზე, აგრეთვე გამოყენებული იყო წრფივი მრავლობითი რეგრესიული ანალიზი.
კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ აკადემიური შედეგების გაუმჯობესებისთვის სწავლების დიზაინის ცვლილება არ არის საკმარისი და სწავლების დიზაინის შემუშავების პარალელურად აუცილებელია ზრდასრული შემსწავლელის სხვა მახასიათებლების გათვალისწინებაც, კვლევამ აჩვენა, რომ ზრდასრული შემსწავლელის წინარე გამოცდილების სპეციფიკა ზეგავლენას ახდენს სასწავლო მასალის ათვისების თავისებურებაზე. აღსანიშნავია, რომ კვლევის შედეგად დადგინდა ცოდნის ათვისების ტრადიციულისგან განსხვავებული მექანიზმი, როგორიცაა, ინფორმაციის ათვისების იმპლიციტური ფორმა, რაც განსხვავებულ სპეციფიკას სძენს ზრდასრულთა და ამ შემთხვევაში, სამართალდამცველთა სწავლებას. ამასთანავე, კვლევამ გვაჩვენა, რომ (1) სწავლების დიზაინისა და სასწავლო მასალის მიმართ აფექტურ დამოკიდებულებას განაპირობებს ძალოვან უწყებებში მუშაობის გამოცდილება. (2)აფექტური დამოკიდებულების ფორმირებაზე ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს ასაკი. (3)სასწავლო მასალის შინაარსი განაპირობებს სწავლების შედეგის, აფექტურ კომპონენტს. (4)შემსწავლელის ზოგადი აკადემიური მოსწრება წარმოადგენს, კოგნიტურ და კონატურ კომპონენტთა პრედიქტორს. (5)სასწავლო მასალის შინაარსობრივი მხარე განაპირობებს სასწავლო მასალის კოგნიტურად მაღალ დონეზე ათვისების ხარისხს. (6)შემსწავლელის წინარე გამოცდილების სპეციფიკა განაპირობებს სასწავლო შინაარსის კონატური კომპონენტის გამოვლენის ხარისხს.
საკვანძო სიტყვები:განათლების ფსიქოლოგია, ზრდასრულთა სწავლების ორგანიზება, სამართალდამცავთა სწავლება, სწავლების დიზაინი, აკადემიური მიღწევა.
სამეცნიერო ხელმძღვანელ(ებ)ი
- მზია წერეთელი - ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
რეცენზენტები:
- ნინო ლაბარტყავა, ასოცირებული პროფესორი, ფსიქოლოგიის დოქტორი, თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი, განათლების ფსიქოლოგიის ინსტიტუტი;
- რევაზ ჯორბენაძე, ფსიქოლოგიის დოქტორი, პროფესორი; თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი;
-
Angela M. Dooley,
PhD , Educational Psychologist; Department of Justice; Executive Office for United States Attorneys, Office of Legal Education.
დაცვის კომისია:
- თამარ გაგოშიძე - პროფესორი, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი, თსუ;
- მანანა მელიქიშვილი - ასოც. პროფესორი, ფსიქოლოგიის დოქტორი, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი, თსუ;
- თამარ აბაშიძე - ასოც. პროფესორი, ფსიქოლოგიის დოქტორი, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი, თსუ;
- ია აფთარაშვილი - ასოც. პროფესორი, ფსიქოლოგიის დოქტორი, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი, თსუ;
- ხათუნა მარწყვიშვილი - ასოც. პროფესორი, ფსიქოლოგიის დოქტორი, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი, თსუ;
- ვახტანგ ნადარეიშვილი - ასოც. პროფესორი, ფსიქოლოგიის დოქტორი, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი, თსუ;
- მაყვალა ხარშილაძე - პროფესორი, ფსიქოლოგიის დოქტორი, ფსიქოლოგიის ფაკულტეტი, ევროპის უნივერსიტეტი.
« იხ. ყველა სიახლე