ბეჭდვა |/ დახურვა
 
2012-06-01

სამეცნიერო სემინარი ქიმიის დეპარტამენტზე

ორშაბათს, ა/წ 4 ივნისს 12:00 საათზე, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსში, აუდიტორია №171 (თურქეთის აუდიტორია),  გაიმართება სემინარი თემაზე:

"ფლუორესცენტული იზოელექტრული ფოკუსირებისთვის განკუთვნილი ახალი მარკერებისა და ფლუორესცირებადი ცილების შესწავლა კაპილარული ელექტროფორეზული დაყოფებისთვის"

მომხსენებელი: დოქ. ნინო ქოქიაშვილი

ჩატარებული სამუშაო დაფინანსებულია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ


მოკლე ანოტაცია
გენური ინჟინერიის (რეკომბინაციული) მეთოდებით მიღებული მონოკლონური ანტისხეულების გამოყენებაზე დაფუძნებული კვლევის მეთოდები სწრაფად ვითარდება უჯრედულ და მოლეკულურ დონეზე, რაც დასაბამს აძლევს დიაგნოსტიკურ და თერაპიულ პრაქტიკაში მონოკლონური ანტისხეულების გამოყენებას, როგორც ადამიანისა და ცხოველთა დაავადებებთან ბრძოლის საშულებას. აღნიშნული ანტისხეულების თერაპიული ეფექტი და ცირკულაციის ხანგრძლივობა მჭიდროდაა დამოკიდებული მათი მუხტის ჰეტეროგენულობაზე (იზოფორმების გადანაწილება) და განსაკუთრებით გლიკოზილირების ხარისხზე. ამფოლიტურ ნაერთებში მუხტის ჰეტეროგენულობის დასახასიათებლად ყველაზე მეტად გამოყენებადი მეთოდია კაპილარული იზოელექტრო ფოკუსირება.
კაპილარულ იზოელექტრო ფოკუსირებაში უპირატესად გამოყენებული ულტრაიისფერი შთანთქმის დეტექტორების მგრძნობელობა არაა საკმარისი რათა გამოავლინოს და განსაზღვროს უმნიშვნელოვანესი: რეკომბინაციული მონოკლონური ანტისხეულების იზოფორმების და გლიკოფორმების მინიმალური კონცენტრაცია. სამეცნიერო კვლევები, რომლებიც მიზნად ისახავს იზოფორმების უმნიშვნელო რაოდენობების განმეორებად ფლუორესცენტულ მარკირებას, ამ სფეროში ყველაზე თანამედროვე, პროგრესული და უზარმაზარი მნიშვნელობის მქონეა. მოხსენებაში განხილული იქნება აშშ-ს, ტეხასის ა&მ უნივერსიტეტის ქიმიის დეპარტამენტში ჩატარებული სამეცნიერო ნაშრომი. ანალიზურად შესწავლილ იქნა პროფესორ გ. ვიგის ჯგუფში ახლად დასინთეზებული და ფლუორესცენტული pI (იზოელექტრული წერტილი) მარკერები. ჩატარებული იქნა თანამედროვე კვლევა კაპილარული იზოელექტრული ფოკუსირების (CIEF), გელ-ელექტროფორეზის (Off-Gel) სფეროში. შემუშავდა ფლუორესცენციული მარკერების იზოელექტრული წერტილის განსაზღვრის ახალი, უფრო ზუსტი და საიმედო მეთოდი.

Print

« იხ. ყველა სიახლე