2014-06-19

ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის საზაფხულო სამეცნიერო აკადემია 7-12 კლასის მოსწავლეთათვის


ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი და თსუ „საბავშვო უნივერსიტეტი“ ატარებს „საზაფხულო სამეცნიერო აკადემიას“, რომელიც გაიმართება 2014 წლის 30 ივნისიდან - 5 ივლისამდე. აკადემიაში მიიღებენ მონაწილეობას 7–12 კლასების მოსწავლეები.

 საზაფხულო სამეცნიერო აკადემიის მიზანია სკოლის მოსწავლეებს გააცნოს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ინტერდისციპლინური, ფუნდამენტური და გამოყენებითი ასპექტები; ადრეულ ასაკში შეუწყოს ხელი მოსწავლეთა სამომავლო ინტერესების გაღვივებას და პრობლემების გადამწყვეტი, შედეგზე ორიენტირებული, სხარტი თაობის მოზიდვას უნივერსიტეტში.

 აკადემიის ფარგლებში სემინარ/მოხსენებებს წარმართავენ მეცნიერები და სტუდენტები. მოსწავლეთა ჯგუფებს შორის მოხდება ზოგიერთი აქტუალური საკითხის განხილვა, რაც დისკუსიას და გამოცდილების გაზიარებას შეუწყობს ხელს. დამატებით განსაზღვრულია ექსპერიმენტზე დაკვირვება, პროექტზე მუშაობა, პრობლემური ამოცანების გადაწყვეტა და სხვა. აქტიური მოსწავლეები დაჯილდოვდებიან სერტიფიკატებით.

 რეგისტრაციის ვადები: ელექტრონული რეგისტრაცია: 2014 წლის 18  - 25 ივნისი

განაცხადის ფორმის წარდგენა: 2014 წლის 25 ივნისი

დამატებითი ინფორმაცია:  იხ. ბმული

კონფერენციის პროგრამა

საკონტაქტო ინფორმაცია:   ტელ.: 230 40 70


Print

« იხ. ყველა სიახლე