საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ცნობილია თავისი მაღალკონკურენტუნარიანი საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებით. საერთაშორისო ურთიერთობები, როგორც დამოუკიდებელი სპეციალობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1991 წლიდან არსებობს. დეპარტამენტის (მაშინ კათედრის) პირველი ხელმძღვანელი იყო პროფესორი ალექსანდრე რონდელი. 1996 წლიდან დეპარტამენტს სათავეში უდგას პროფესორი ზურაბ დავითაშვილი.
თსუ საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის საბაკალავრო პროგრამა ყველაზე მაღალრეიტინგული პროგრამაა საქართველოში და მასზე საუკეთესო აბიტურიენტები ირიცხებიან, რაც ამაღლებს სწავლისა და კვლევისათვის საჭირო აკადემიურ მოტივაციას სტუდენტთა შორის. პროგრამა თეორიულ შესწავლასთან ერთად გვთავაზობს სიღრმისეულ ცოდნას რეგონულ კვლევებში, კერძოდ ცოდნას სამხრეთ კავკასიის, პოსტ-საბჭოთა სივრცისა და ევროპისმცოდნეობის შესახებ. საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამას გააჩნია თემატური კურსები, რომლებიც ფოკუსირდება 1)საერთაშორისო ურთიერთობების პოლიტიკურ ეკონომიაზე, 2) ევროპისმცოდნეობაზე, 3) საერთაშორისო უსაფრთხოებაზე, 4) საგარეო პოლიტიკასა და რეგიონულ კვლევებზე.
დეპარტამენტის ევრაზიისა და კავკასიის კვლევების ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამის ქართველ და უცხოელ სტუდენტებს საშუალება ეძლევათ გახდნენ კავკასიის პოლიტიკური პრობლემების მაღალკვალიფიციური მკვლევრები და პრაქტიკოსი სპეციალისტები. ნაციონალიზმისა და ეთნიკურობის სამაგისტრო პროგრამა ამ პროფილის ერთადერთი პროგრამაა რეგიონში, სადაც სიღრმისეულად ისწავლება ნაციონალიზმთან დაკავშირებული პოლიტიკური და კულტუროლოგიური საკითხები. საერთაშორისო პოლიტიკისა და დიპლომატიის სამაგისტრო პროგრამა კი საერთაშორისო ურთიერთობების მეცნიერებისა და დიპლომატების მომზადების ძირითადი კერაა საქართველოში.
დეპარტამენტის აკადემიური პერსონალი და მოწვეული ლექტორები არიან არა მხოლოდ დარგის ცნობილი მეცნიერ-მკვლევრები, არამედ პროფესიონალი პრაქტიკოსებიც, რომლებიც წარმატებით მუშაობენ სახელმწიფო დაწესებულებებში, დიპლომატიაში, საჯარო სექტორის სხვადასხვა სფეროში,, საერთაშორისო არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციებში.