თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის განყოფილება 1949 წელს ჩამოყალიბდა, უნივერსიტეტის იმდროინდელი რექტორის, აკადემიკოს ნიკო კეცხოველის თაოსნობით. 1953 წელს დაარსდა ჟურნალისტიკის კათედრა. 1960 წლიდან გაიხსნა ჟურნალისტიკის რუსულენოვანი სექტორიც. 1979 წელს ჟურნალისტიკის განყოფილება ფაკულტეტად გადაკეთდა. 2005 წლიდან გაერთიანდა სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტთან.
2011 წლიდან ,,ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის დეპარტამენტი“ მოიცავს ქართულ და ბილინგვურ (ქართულ-რუსულ) საბაკალავრო პროგრამას, ,,ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაცია“, სამაგისტრო პროგრამებს: „მასკომუნიკაცია და მედიის კვლევები“, „მედია და ახალი ტექნოლოგიები“, ასევე, სადოქტორო პროგრამა ,,მასობრივ კომუნიკაციას“ ქართულ-ინგლისურ ენებზე.
სწავლების სხვადასხვა საფეხურზე სასწავლო პროგრამები სტუდენტებს სთავაზობს ზოგადსაფაკულტეტო, სპეციალობის შესასწავლ სავალდებულო და არჩევით სალექციო კურსებს, რომლებიც მოიცავს თანამედროვე მედიისა და მასობრივი კომუნიკაციის პრიორიტეტულ მიმართულებებს. საბაკალავრო პროგრამაში გათვალისწინებულია ჟურნალისტური განათლებისათვის საჭირო ისეთი თეორიული და პრაქტიკულ საგნები, როგორებიცა: ,,ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის შესავალი“, ,,ახალი ამბების ჟურნალისტიკა“, ანალიზისა და მოსაზრების წერა“, ,,ბეჭდური მედია“, ,,ონლაინმედია, ,,ტელე და რადიომედია“, ,,მასკომუნიკაციის თეორიები“, ,,ჟურნალისტიკის ისტორია“, ,,მედიის კვლევის მეთოდები“, ,,ლოკალური მედია - ადგილობრივი ხელისუფლების მეთვალყურე“, ,,კონვერგირებული ნიუსრუმი - მუშაობა მედიაპლატფორმებისათვის“, ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების საფუძვლები“, ,,კულტურული მიმდინარეობები და მედიატექსტები“, კონფლიქტების, არჩევნების, პოლიტიკის, კულტურის, სოციალურ და ბავშვთა საკითხების მედიაში გაშუქება, ,,აუდიო-ვიზუალური ხელოვნება“ და სხვ.
თეორიულ სწავლებასთან ერთად სტუდენტები მუდმივად ეუფლებიან პრაქტიკულ გამოცდილებას - სასწავლო პროცესში სისტემატიურად გამოსცემენ ჟურნალ-გაზეთებს, ამზადებენ აუდიო, ვიდეო და ონლაინპროდუქციას. სტუდენტთა შემოქმედებით/პრაქტიკული საქმიანობისათვის განკუთვნილია სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე არსებული მულტიმედია ცენტრი.
,,ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის დეპარტამენტის“ სტუდენტები, საუნივერსიტეტო სწავლების გარდა, პროფესიულ გამოცდილებას იძენენ სხვადასხვა მედიაარხზე დაგეგმილ პრაქტიკული სტაჟირტების კრედიტკურსებზე. მათი კვალიფიკაციის ზრდას, ასევე დასაქმებას ხელს უწყობს დეპარტამენტისა და ცალკეული მედიაგამოცემების ურთიერთთანამშრომლობა.
დეპარტამენტის აკადემიური პერსონალი და მოწვეული ლექტორები არიან არა მხოლოდ მედიის მკვლევრები და ამ სფეროში მომუშავე პრაქტიკოსები, არამედ ეკონომიკის, სამართალის, ხელოვნების, პოლიტიკის მეცნიერებისა და სხვა დარგების პროფესიონალები. ასევე, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებში ჩართულნი არიან უცხოური უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო ცენტრების პროფესორები, მედიისა და მასობრივი კომუნიკაციის სპეციალისტები.