პოლიტიკის მეცნიერების მიმართულება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1992 წელს დაარსდა. ორსაფეხურიანი აკადემიური სისტემის შემოღების შემდეგ პოლიტიკის მეცნიერების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები თსუ-ში 1999 წელს შეიქმნა. 2005 წლიდან პოლიტიკის მეცნიერების მიმართულება ახლადჩამოყალიბებულ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტს შეუერთდა.
პოლიტიკის მეცნიერების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები აერთიანებს სიღრმისეულ ცოდნას პოლიტიკის მეცნიერების ყველა დარგში, მათ შორის, პოლიტიკურ თეორიაში, შედარებით პოლიტიკასა და პარტიულ სისტემებში, რეგიონულ კვლევებში, რომლებიც ფოკუსირდება ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაზე, სამხრეთ კავკასიასა და პოსტ-საბჭოთა სივრცეზე, კორუფციის კვლევებზე, საჯარო პოლიტიკასა და ადმინისტრირებაზე, სამოქალაქო განათლებასა და სამოქალაქო აქტივიზმზე, ასევე, გეოპოლიტიკასა და პოლიტიკურ ძალადობაზე.
მიმართულების ქართველი და უცხოელი პროფესორები და მოწვეული პერსონალი მუშაობს ან აქვს განათლება პოლიტიკის მეცნიერების, კულტურის კვლევების, ნაციონალიზმის კვლევების, მშვიდობისა და კონფლიქტების, სოციოლოგიის, სამართლისა და საჯარო ადმინისტრირების სფეროებში, რაც ხელს უწყობს დეპარტამენტში სწავლებისა და კვლევის ინტერდისციპლინური გზით წარმართვას.