სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის მიმართულება სტუდენტებს სთავაზობს საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს როგორც სოციოლოგიაში, ასევე - სოციალური მუშაობის მიმართულებით. სოციოლოგია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1920-იანი წლებიდან ისწავლება, ხოლო სოციალური მუშაობის საუნივერსიტეტო განათლებამ საქართველოში ჩამოყალიბება სწორედ თსუ-ში დაიწყო, 2005 წლიდან. 

სოციოლოგია
სოციოლოგიის პირველი კურსი თსუ-ში 1923 წელს წაიკითხა პროფესორმა ალექსანდრე ვაჩეიშვილმა, თუმცა 1930-იაანი წლებიდან 1980-იან წლებამდე საბჭოთა რეჟიმის პირობებში ამ დისციპლინის სწავლება და კვლევა ძლიერ შეიზღუდა. 1960-იანი წლებიდან პროფესორების ვ. ქვაჩახიასა და ე. კოდუას ძალისხმევით დაფუძნდა კონკრეტული სოციოლოგიური კვლევის ლაბორატორია, რომელიც მოგვიანებით გარდაიქმნა კონკრეტული სოციოლოგიის კათედრად, რამაც შესაძლებელი გახადა 1989 წლიდან თსუ-ში სოციოლოგიის სპეციალობის სწავლება. მოგვიანებით, დაარსდა სოციოლოგიის  მიმართულება ფილოსოფიისა და სოციოლოგიის ფაკულტეტზე.

დღეისათვის სოციოლოგიის  მიმართულების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები აერთიანებს როგორც თეორიულ, ასევე, კვლევით კომპონენტებს. სოციოლოგიის სტუდენტები სწავლობენ პროტოსოციოლოგიურ, კლასიკურ, თანამედროვე და პოსტმოდერნულ თეორიებს, ასევე, თვისებრივი და რაოდენობრივი კვლევის მეთოდებს. საბაკალავრო საფეხურზე 20 კრედიტი ეთმობა რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევების პრაქტიკუმებს, რომელთა ფარგლებში სტუდენტები ემპირიული კვლევებს ატარებენ. პროგრამის არჩევითი კურსები მოიცავს კულტურის, დანაშაულის, ხელოვნების, განათლების, რელიგიის, პოლიტიკურ და ა.შ. სოციოლოგიას, მასკულინობის კვლევებს, გენდერის ინტერდისციპლინურ კვლევებსა და ფემინისტურ აზროვნების შესავალ კურსს. 

სოციოლოგიის პროგრამების პროფესორებს განათლება აქვთ მიღებული ან მუშაობენ სოციოლოგიის, ფილოსოფიის, გენდერის კვლევების, ფსიქოლოგიის, ანთროპოლოგის და სხვა სფეროებში, რაც  სტუდენტებს ეხმარება განივითარონ საზოგადოებისა და კულტურის ინტერდისციპლინური ხედვა. 

სოციალური მუშაობა
სოციალური მუშაობის განათლების ინსტიტუციონალიზაცია საქართველოში პირველად  ჩვენს  მიმართულებაზე გახდა შესაძლებელი ევროკავშირის ტემპუს-ტასისის პროგრამათა ფინანსური დახმარებით. სოციოლოგიისა და სოციალური  მიმართულების მიერ მოპოვებული ორი გრანტით შესაძლებელი გახდა სოციალური მუშაობის საბაკალავრო (2006 წლიდან), სამაგისტრო (2009 წლიდან) და სადოქტორო (2010 წლიდან) პროგრამების ჩამოყალიბება. 2011 წლიდან თსუ-ის სოციალური მუშაობის მაგისტრანტებს შესაძლებლობა აქვთ პარალელურად მოიპოვონ Master of Social Care აკადემიური ხარისხი ინგლისის შეფილდ ჰალამის უნივერსიტეტიდან.  დოქტორანტურის სტუდენტებს ხელმძღვანელობას უწევენ თსუ პრტნიორი უნივერსიტეტების პროფესორები.

სოციალური მუშაობის კურიკულუმის მესამედი სოციალური მუშაობის პრაქტიკას ეთმობა. სტუდენტებს უზრუნველვყოფთ პრაქტიკის შესაძლებლობით სოციალური მუშაობის მიმართულებით მომუშავე 40 სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციიდან ერთ-ერთში. მიმართულების პროფესორებს მოპოვებული აქვთ სოციალური მუშაობის მაგისტრის ხარისხები კოლუმბიის უნივერსიტეტიდან, ვაშინგტონის სენტ ლუისის უნივერსიტეტიდან და სხვ. ქართველ პროფესორებთან ერთად სტუდენტებს ასწავლიან პროფესიონალები პარტნიორი უნივერსიტეტებიდან, კერძოდ, შეფილდ ჰალამის უნივერსიტეტიდან, ტალინის უნივერსიტეტიდან, ლუბლიანას უნივერსიტეტიდან, კიევ-მოჰილას აკადემიის უნივერსიტეტიდან და ლიტვის განათლების მეცნიერებათა უნივერსიტეტიდან.