2019-04-01
ჰელენ ბრედბერის მასტერკლასი აგროჟურნალისტიკის სასწავლო კურსის სტუდენტებისათვის
2 აპრილს 15:00 საათზე, მე-6 კორპუსის 303-ე აუდიტორიაში, თსუ-ს აგროჟურნალისტიკის სასწავლო კურსის სტუდენტებს მასტერკლასს შვეიცარიის მხარდაჭერილი ,,სამხრეთ კავკასიის ალიანსების“ პროგრამის ხელმძღვანელი ჰელენ ბრედბერი ჩაუტარებს.
სოფლის მეურნეობის საკითხების გაშუქების მოდული ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამაზე არჩევით კურსად პირველად სწორედ მიმდინარე სასწავლო წელს განისაზღვრა და პირველივე ჯერზე მასზე არჩევანი 60-მდე სტუდენტმა გააკეთა.
მასტერკლასს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანსა და ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების ხელმძღვანელთან ერთად ,,აგროგილდიის“ წარმომადგენლებიც გახსნიან.
ჰელენ ბრედბერი არის განვითარების პროფესიონალი და საქართველოს გრძელვადიანი რეზიდენტი, რომელიც მხარს უჭერს სოფლის და ქალაქის ცხოვრების ინტეგრაციას. მისი კარიერის დიდი ნაწილი დაკავშირებულია საბაზრო სისტემების განვითარებასთან, თუმცა ასევე მუშაობდა ისეთი პრობლემების გადაჭრაზე, როგორიცაა ეთიოპიაში სამეურნეო ცხენების კეთილდღეობა და ცუნამის შემდგომი ინდონეზიის ეკონომიკის ადრეული აღდგენა.
ჰელენი არის საქართველოში შვეიცარიის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული და მერსი ქორფსის მიერ იმპლემენტირებული „სამხრეთ კავკასიის ალიანსების პროგრამის“ გუნდის ლიდერი, რომელიც მხარს უჭერს M4P (ბაზარი ღარიბებისთვის) მიდგომას და ქალების ეკონომიკურ გაძლიერებას.
მისი პროგრამა არის მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესო პროგრამა, რომლის შედეგები და გამოცდილება უკვე შეტანილია რამდენიმე საერთაშორისო სახელმძღვანელოში, როგორც სამთავრობო, სამოქალაქო და კერძო სექტორებში ქალთა ეკონომიკური გაძლიერების და მათი გადაწყვეტილების მიღების პროცესში თანასწორი ჩართვის საუკეთესო მაგალითი.
« იხ. ყველა სიახლე