ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 18 იანვარს, 14 საათზე გაიმართება სტუდენტური კრებულის - „პოსტმოდერნისტული „კომბლე“ (ერთი სასემინარო დავალება)” - პრეზენტაცია. კრებულმა გააერთიანა სტუდენტთა ორიგინალური თხზულებები, რომლებიც პოსტმოდერნისტულ ყაიდაზეა შექმნილი და ქართული ხალხური ზღაპრის „კომბლეს“ თანამედროვე ვერსიას წარმოადგენს. ამ იდეის ხორცშესხმის შესაძლებლობა გაჩნდა თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის დეპარტამენტის საბაკალავრო საფეხურზე, სალექციო კურსის, „კულტურული მიმდინარეობები და მედიატექსტების“ ფარგლებში. აღნიშნული ფაქტით შეიქმნა პრეცედენტი სწავლების თეორიული და პრაქტიკული კომპონენტების სინთეზით მიღებული პროდუქტის რეალიზებისა.