გამოჩენილი ქართველი მეცნიერი გიორგი ახვლედიანი (1887-1973) დაიბადა 1887 წლის 13 აპრილს. 1908 წელს დაამთავრა თბილისის ქართული გიმნაზია. 1910 წელს ჩააბარა ხარკოვის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე. უნივერსიტეტში საფუძვლიანი განათლება მიიღო, როგორც ინდოევროპულ ენათმეცნიერებაში, ისე კლასიკურ ფილოლოგიაში, შეიწავლა ძველი ინდური, ძველი სპარსული, ძველი გერმანული, სლავური ენები. 1915 წელს იგი უკვე ასპირანტია ხარკოვის უნივერსიტეტის შედარებითი ინდოევროპული ენათმეცნიერების კათედრაზე. მალე იგზავნება პეტროგრადის უნივერსიტეტში.
როდესაც თბილისში უნივერსიტეტი არსდებოდა, გიორგი ახვლედიანი აქტიურად ჩანდა უმაღლესი სასწავლებლის პირველ მუშაკთა რიგებში. ,,ქართული უნივერსიტეტის საზოგადოებამ’’ მუშაობის გასააქტიურებლად შექმნა აკადემიური კომისია, რომელშიც შედიოდნენ: პეტრე მელიქიშვილი, ივანე ჯავახიშვილი, იოსებ ყიფშიძე, აკაკი შანიძე, შალვა ნუცუბიძე, ექვთიმე თაყაიშვილი, ფილიპე გოგიჩაიშვილი, კორნელი კეკელიძე, დიმიტრი უზნაძე, ანდრია რაზმაძე. სწორედ მათ შეუერთდა ხარკოვიდან ახლად ჩამოსული გიორგი ახვლედიანი. კომისიამ გადაწყვიტა უნივერსიტეტის სასწავლო საქმის ორგანიზაციასა და აკადემიურ-ადმინისტრაციული აპარატის შექმნის საკითხები.1918 წლის 5 თებერვლიდან გიორგი ახვლედიანი თბილისის უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს წევრი გახდა და ამავე დროს სათავეში ჩაუდგა უნივერსიტეტის წიგნსაცავს . იგი უნივერსიტეტის პირველი პროფესორთაგანია, რომელიც მტკიცე საფუძველს უყრიდა მის მომავალს.
1923 წლის 18 თებერვალს გიორგი ახვლედიანის ინიციატივით მოწვეულ იქნა ქართველ ენათმეცნიერთა და ფილოლოგთა დამფუძნებელი კრება, რომელმაც დაადგინა ,,ქართული საენათმეცნიერო საზოგადოების’’ დაარსება, რომლის პირველი თავმჯდომარეც თავად იყო. 1924-1933 წლებში ხელმძღვანელობდა პროფკავშირული ხაზით საქართველოს მეცნიერ-მუშაკთა სექციას.
გიორგი ახვლედიანი 1932 წლიდან, ექსპერიმენტული ფონეტიკის, საერთაშორისო საზოგადოების წევრია და 1940 წლიდან - ამერიკის ლინგვისტური საზოგადოების წევრი. იგი სხვა მოწინავე ქართველ მეცნიერებთან ერთად საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთი დამფუძნებელია. 1941 წელს შევიდა აკადემიის წევრთა პირველ შემადგენლობაში და სხვადასხვა დროს ეკავა საპასუხისმგებლო თანამდებობები: აკადემიკოს-მდივნის, საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილების თავმჯდომარის, ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირეტორის და სხვ.
გიორგი ახვლედიანმა დაარსა და სათავეში ჩაუდგა ზოგადი ენათმეცნიერების კათედრას უნივერსიტეტში. პირველი საუნივერსიტეტო კურსი ამ დარგში მან წაიკითხა. მანვე შექმნა პირველი საუნივერსიტეტო სახელმძღვანელო. 1918-1919 წლებში დაიბეჭდა ახალგაზრდა პროფესორის წიგნი ,,ენათმეცნიერების შესავალი’’. ეს არის უნივერსიტეტის მიერ გამოცემული პირველი საუნივერსიტეტო სახელმძღვანელო ქართულ ენაზე.
გიორგი ახვლედიანი უპირველესად ფონეტიკოსი იყო . მან პირველმა წაიკითხა ფონეტიკის საუნივერსიტეტო კურსი , დააარსა ფონეტიკის ლაბორატორიები , შექმნა შრომები და სახელმძღვანელო ფონეტიკაში , რომელიც ამ დარგში ერთ - ერთ საუკეთესო ნაშრომად არის აღიარებული . მის სახელთან არის დაკავშირებული რთული ფონეტიკური სისტემის მქონე აფხაზური ენის ბგერათა კვლევა და კლასიფიკაცია , აგრეთვე ოსური ენის ფონეტიკის , დიალექტოლოგიისა და ტექსტოლოგიის შესწავლა . მისი რედაქტორობით გამოიცა ოსური ენის გრამატიკის ორტომეული .
1933 წელს გამოქვეყნდა გიორგი ახვლედიანის ,,უცხო სიტყვათა ლექსიკონი’’, რომელიც წარმოადგენს მისივე გამოუქვეყნებელი ვრცელი ლექსიკონის შემოკლებულ ვარიანტს. მან ფასდაუდებელი ამაგი დასდო ქართული მეცნიერული ტერმინოლოგიის დამუშავებას . მისი რედაქტორობით თუ მონაწილეობით გამოცემულია ბევრი სპეციალური დარგის : ლიტერატურის , ენათმეცნიერების , ფიზიკა - მათემატიკისა და სხვ ტერმინოლოგია.
დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწისა და ისტორიკოსის ივანე ჯავახიშვილის სიტყვით, ,,ტფილისის უნივერსიტეტში ენათმეცნიერების დარგის შექმნა სამი პირის: პროფესორ იოსებ ყიფშიძისა, პროფესორ აკაკი შანიძისა და პროფესორ გიორგი ახვლედიანის ღვაწლს შეადგენს. პირველი მათგანის, სამწუხაროდ, უდროო გარდაცვალების გამო უდიდესი ტვირთი ორს უკანასკნელს დააწვა.’’