ცნობილი ქართველი კრიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე კიტა (ივანე) აბაშიძე (1870-1917) დაიბადა 1870 წლის 16 იანვარს. 1889 წელს ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, გაემგზავრა პარიზში ერთი წლით. შემდეგ შევიდა ოდესის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. 1895 წელს პირველი ხარისხის დიპლომით დაამთავრა უნივერსიტეტი და საქართველოში დაბრუნდა. იმავე წელს დაინიშნა - რაჭის მაზრის მომრიგებელ-შუამავლის თანამდებობაზე. ასევე მუშაობდა თბილისის კონტროლის პალატაში. 1896 წლიდან ილია ჭავჭავაძის მიწვევით „ივერიის“ თანამშრომელი გახდა.
კიტა აბაშიძე აქტიურად მოღვაწეობდა საზოგადოებრივ სარბიელზედაც: იყო წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრი, უშუალოდ მონაწილეობდა ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობის საქმიანობაში, იყო „საქართველოს კულტურულ საზოგადოებათა კავშირის“ ერთ-ერთი დამაარსებელი, თავმჯდომარეობდა ქუთაისის საზოგადოება „სინათლეს“. პარალელურად თანამშრომლობდა სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთში: „ცნობის ფურცელში“, „სახალხო გაზეთსა“ და „დროებაში“.
კიტა აბაშიძემ, როგორც კრიტიკოსმა, მნიშვნელოვანი კვალი დაამჩნია მშობლიური ლიტერატურის ისტორიას, შექმნა პირველი სისტემატიზირებული კურსი მე-19 და მე-20 საუკუნის ქართული ლიტერატურის განვითარების გზების შესახებ. 1911-1912 წლებში გამოვიდა პირველი და მეორე ტომი - ,,ეტიუდები მე-19 საუკუნის ქართული ლიტერატურის შესახებ’’, რომელიც მისი კრიტიკული ნააზრევის ძირითად ნაწილს წარმოადგენს.
გარდა ქართული ლიტერატურისა, კიტა წარმატებით განიხილავდა რუსული და ევროპული ლიტერატურის განვითარების საკითხებსაც. მის კალამს ეკუთვნის სტატიები ლევ ტოლსტოისა და გამოჩენილი ფრანგი მწერლების შესახებ. მასვე ეკუთვნის სპეციალური წერილები ქათულ ლიტერატურაზე - შეტანილი რუსულ საენციკლოპედიო ლექსიკონებში. გარდა ამისა, იგი წერდა უამრავ წერილებს პოლიტიკურ-ეკონომიურ საკითხებზე და ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობასაც.
კიტა აბაშიძე იყო ივანე ჯავახიშვილის ნათესავი და თანამოაზრე. მან საკუთარი ბიბლიოთეკა ანდერძით დაუტოვა ახალდაარსებულ პირველ ქართულ უნივერსიტეტს. სწორედ ამ კოლექციით დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნსაცავის შექმნა.