სვიმონ კლდიაშვილი

   1865 წლის 14 თებერვალს დაიბადა ცნობილი ქართველი არქიტექტორი სვიმონ კლდიაშვილი (1865–1920). 1895 დაამთავრა ფერწერის, ქანდაკების და ხუროთმოძღვრების სასწავლებელი მოსკოვში. 1896 – 1899 წლებში ქალაქის არქიტექტორად მუშაობდა სოხუმში. 1899 წელს შეადგინა თბილისის სათავადაზნაურო სკოლის (ქართული გიმნაზიის – ახლანდელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ძველი შენობა) შენობის პროექტი და 1906–მდე ხელმძღვანელობდა მის მშენებლობას.
   სვიმონ კლდიაშვილი ეკლექტიკის ხანის ტიპური წარმომადგენელია. მის შენობაში ვხვდებით როგორც რენესანსულ–ბაროკოს სტილის ფასადებს, XIX-XX საუკუნეთა დამახასიათებელი ინტერპრეტაციით, ასევე საკმაოდ ხშირად – მოდერნსაც. კლდიაშვილი აქტიურად მონაწილეობდა ქართულ კულტურულ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. 1902 წელს ექვთიმე თაყაიშვილთან ერთად იმოგზაურა ისტორიული საქართველოს სამხრეთ რეგიონებში. აზომა 20–მდე ძეგლი, მათ შორის ადრინდელი შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ერთ–ერთი უმთავრესი ნიმუში ბანა და მისი რეკონსტრუქციის პროექტიც შეადგინა. 1910 ექვთიმე თაყაიშვილთან ერთად იმოგზაურა რაჭა–ლეჩხუმშიც.


    1899 წლიდან სვიმონ კლდიაშვილი შეუდგა თბილისის სათავადაზნაურო სკოლის შენობის პროექტის შედგენას და თავად ხელმძღვანელობდა მშენებლობას. ,,სწორედ ეს არის უმთავრესი ეტაპი კლდიაშვილის ხუროთმოძღვრული ბიოგრაფიისა. როგორც ამ უზარმაზარი შენობის ავტორი, სვიმონ კლდიაშვილი იმ საქმის ერთი უმთავრესი მონაწილეთაგანი გახდა, რომელსაც თავის დროზე უდიდესი კულტურული მნიშვნელობა ჰქონდა ქართული საზოგადოებისათვის. უფრო მეტიც: ეს საქმე მოწინავე მოღვაწეთა თვალში ზოგადეროვნულ მოვლენად იყო მიჩნეული’’, – წერდა ცნობილი ქართველი ხელოვნებათმცოდნე ვახტანგ ბერიძე.
   სვიმონ კლდიაშვილი მოესწრო მის მიერ აგებულ შენობაში ქართული უნივერსიტეტის გახსნას. მან ახალგახსნილ უნივერსიტეტს საკუთარი ბიბლიოთეკა გადასცა.