2018-09-14

პირველი საერთაშორისო კონფერენცია „ტერმინოლოგია - მემკვიდრეობა და თანამედროვეობა“

14 სექტემბერს, 11.00 საათზ  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნება პირველი საერთაშორისო კონფერენცია ტერმინოლოგიაში „ტერმინოლოგია - მემკვიდრეობა და თანამედროვეობა“. ღონისძიებას დაესწრებიან თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, ევროპის ტერმინოლოგიის საზოგადოების თავმდომარე ჰენრიკ ნილსონი, ლიტვის ენის ინსტიტუტის დირექტორი  ალბინა აუკსორიუტე,  ქართველი და უცხოელი სპეციალისტები. 

ქართული ტერმინოლოგიური სკოლა საუკუნეებს ითვლის და მდიდარი მემკვიდრეობა აქვს (VII-X საუკუნეებიდან იღებს სათავეს საეკლესიო-საღვთისმეტყველო, ფილოსოფიური, გრამატიკული, მათემატიკური თუ სხვა დარგის ქართული ტერმინოლოგია). დღეს საქართველოში ჩვეულებრივ მოვლენად იქცა ტერმინოლოგიური სიჭრელე თითქმის ყველა დარგში. ტერმინოლოგიაში არსებული პრობლემები, გარკვეულწილად, აფერხებს თარგმნითი ლექსიკოგრაფიის განვითარებასაც.  

ამ პრობლემის გადასაჭრელად 2013 წელს თსუ ენათმეცნიერების ინსტიტუტის სამეცნიერო ტერმინოლოგიისა და თარგმნითი ლექსიკონების განყოფილების ინიციატივით დაარსდა ყოველწლიური ადგილობრივი ტერმინოლოგიური კონფერენცია სამეცნიერო ტერმინოლოგია და ჟურნალი „ტერმინოლოგიის საკითხები“. ამავე განყოფილების ინიციატივით შეიქმნა საქართველოს ვუკოლ ბერიძის სახელობის ტერმინოლოგიის ასოციაცია (სტა), რომელიც უკვე ევროპის ტერმინოლოგიის ასოციაციის წევრია. 

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. პირველი კორპუსი, 115-ე აუდიტორია


« იხ. ყველა ანონსი