2019-10-24
საერთაშორისო კონფერენცია: "ეთნოკულტურული მრავალფეროვნება და ინტერკულტურული კომუნიკაცია საქართველოში"
24 ოქტომბერს, 10.30 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია: "ეთნოკულტურული მრავალფეროვნება და ინტერკულტურული კომუნიკაცია საქართველოში" გაიხსნება.
კონფერენცია თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის, საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციისა და საქართველოს ანთროპოლოგთა ასოციაციის ორგანიზებით და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით 24-26 ოქტომბერს იმართება.
ინტერკულტურული კომუნიკაციის საკითხი თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე პროცესების (გლობალიზაცია, მიგრაციები, კონფლიქტები) გამო განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს. საქართველო ისტორიულად გამორჩეული ქვეყანაა თავისი მრავლაფეროვნებით, რამაც განაპირობა მშვიდობიანი თანაცხოვრების ტრადიციული სისტემებისა და ჯგუფთაშორისი საკომუნიკაციო არხების ჩამოყალიბება; განსაკუთრებული ეთნოგრაფიული რეალიებისა და ქცევის მოდელების განვითარება. აქ მულტიკულტურულ გარემოში უძველესი დროიდან უწყვეტი იყო ურთიერთობა განსხვავებული ეთნოკულტურული, რელიგიური თუ ლინგვისტური ჯგუფების წარმომადგენელთა შორის. უწყვეტი პროცესი იყო კულტურათაშორისი ურთიერთობები, მთელ რიგ რეალიათა გაცვლა და გაზიარება. დროთა ვითარებაში პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციეტალური სიტუაციის ცვლილება იწვევდა საქართველოს ეთნო-კულტურული რუკის ცვლილებებს, რაც თავის მხრივ გავლენას ახდენდა ინტერკულტურულ კომუნიკაციაზე. ამ საკითხების კვლევა და დისკუსია მათ ირგვლივ წვლილს შეიტანს თანამედროვე გამოწვევების ანალიზში.
რეგისტრირებულია 59 მონაწილე (47 მოხსენება), მათგან 10 უცხოელი მკვლევარი კანადის, თურქეთის, გერმანიის, პოლონეთის, ფინეთის, სომხეთის სამეცნიერო ცენტრების წარმომადგენლები.
კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია პამუკალეს უნივერსიტეტის პროფესორის ფაჰრიე ბაირამისა და მონრეალის უნივერსიტეტის პროფესორის ქევინ თიუითის დაჯოლდოება საპატიო სიგელებითა და ეროვნული ბიბლიოთეკის მედლით ქარტული კულტურის კვლევის საქმეში შეტანილი წვლილისთვის.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. N1., თსუ პირველი კორპუსი, აუდიტორია 107