2011-07-28

ერთა ხმა 2011

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით 28 ივლისიდან 3 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოს სამ ქალაქში – ბათუმში, ზუგდიდსა და ქუთაისში,  ტრადიციული ხელოვნებისა და ფოლკლორის სტუდენტური ფესტივალი  სახელწოდებით „ერთა ხმა“ გაიმართება. პირველი საერთაშორისო სტუდენტური ფესტივალის ფარგლებში საქართველოს მსოფლიოს 10 ქვეყნის ახალგაზრდული ფოლკლორული ანსამბლების 300 წარმომადგენელი ეწვევა.

ფესტივალის  საზეიმო გახსნის ცერემონია 28 ივნისს, 17:00 საათზე ქალაქ ბათუმში ჩატარდება. ცერემონიამდე იგეგმება მონაწილეთა მსვლელობა ბათუმის ცენტრალურ გამზირზე, სადაც საყვირებისა და მუსიკის ფონზე თითოეული ქვეყნის დელეგაცია ჩაივლის. ფესტივალს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოლკლორული ანსამბლი გახსნის. ღონისძიებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი დაესწრებიან.

სტუდენტური ფესტივალის მიზანია ქართული ხალხური ფოლკლორისა და კულტურის წარმოჩენა და პოპულარიზება ახალგაზრდებში, ასევე ნიჭიერი სტუდენტების გამოვლენა ხელოვნების ყველა დარგში.

ტრადიციული ხელოვნებისა და ფოლკლორის საერთაშორისო სტუდენტური ფესტივალი „ერთა ხმა“ საქართველოში პირველად ხორციელდება. პროექტის ორგანიზატორები ორი წლის განმავლობაში ანალოგიურ პროექტს საქართველოს მასშტაბით ახორციელებდნენ. უნივერსიტეტთაშორისი ფესტივალი „ერის ხმა“ 2009 წელს ქალაქ თბილისში, ხოლო 2010 წელს ქალაქ ბათუმში გაიმართა. წელს  პროექტმა მასშტაბები გაზარდა, „ერთა ხმა 2011“–ში მონაწილეობას კორეის, იტალიის, პოლონეთის, ბულგარეთის, თურქეთის, მაკედონიის,  კვიპროსის, სომხეთისა და ბელორუსიის ფოლკლორული ანსამბლები იღებენ.

პროექტის ოფიციალური პარტნიორები და მხარდამჭერები არიან სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, ქალაქ ბათუმის მერია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი. ფესტივალი  ფოლკლორის საერთაშორისო ფედერაციის ხელშეწყობითა და თანაორგანიზებით ხორციელდება.

« იხ. ყველა ანონსი