2015-06-09

სტურუას შექსპირის სამყარო სკოლებში

9 ივნისს, 15.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება პროექტის „სტურუას შექსპირის სამყარო სკოლებში“ დახურვა და პროექტში მონაწილეთა დაჯილდოება.

რუსთაველის თეატრისა და თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  შექსპირის შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ერთობლივი  პროექტი „სტურუას შექსპირის სამყარო სკოლებში“  გულისხმობდა შვიდ ღონისძიებას, რომელთა ფარგლებში  რუსთაველის თეატრში მოეწყო ექსკურსია, რუსთაველის თეატრის მუზეუმში დაცული უნიკალური ექსპონატების გამოფენა, გაიმართა ლექციები და რობერტ სტურუას შექსპირული დადგმების ვიდეოჩვენება. პროექტის ფარგლებში  მოსწავლეები რეჟისორ რობერტ სტურუას შეხვდნენ.

მოსწავლეებს ლექციები წაუკითხეს თსუ-ის მაგისტრატურისა და ბაკალავრიატის წარჩინებულმა სტუდენტებმა, რომლებიც 2013 _ 2014 წლებში განხოციელებულ საგანმანათლებლო-სახელოვნებო პროექტებში „ოთხი დღე სტურუას შექსპირის სამყარო“ და „სტურუას შექსპირის სამყარო“ მონაწილეობდნენ და მათი მოხსენებები თსუ-ში გამართულ სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციებში გამარჯვებულთა შორის დასახელდა.

პროექტში მონაწილეობდნენ: „ევროპული სკოლის“, „იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებლის“, 24-ე საჯარო სკოლის, „წმ. გიორგის სახელობის ბრიტანულ-ქართული სკოლისა“ და  „ახალი სკოლის“ უფროსკლასელები. პროექტი 23 აპრილს გაიხსნა და 9 ივნისს დასრულდება.

პროექტის დასასრულს მოსწავლეებს დაევალათ სტურუას შექსპირის სამყაროში ასახული მათთვის საინტერესო თემების ირგვლივ შეექმნათ ესეი. საუკეთესო ნამუშევრები გამოავლინა თსუ პროფესურისგან დაკომპლექტებულმა სპეციალურმა ჟიურიმ. პროექტის ავტორია თსუ ასოცირებული პროფესორი დავით მაზიაშვილი.

პროექტში მონაწილე მოსწავლეებს და საუკეთესო ნამუშევრების ავტორებს  გადაეცემათ სპეციალური სერტიფიკატები, ხოლო საუკეთესო ნამუშევრები დაიბეჭდება და გამოიცემა კრებულად.

პროექტის შედეგად  მოსწავლეთათვის უფრო მიმზიდველი და საინტერესო გახდება როგორც შექსპირის ტექსტების, ასევე თეატრალური დადგმების შესწავლა და შემდგომში კვლევა. ამგვარი ღონისძიებები ხელს შეუწყობს ახალგაზრდების ინტელექტუალურ და სულიერ განვითარებას.

პროექტი რუსთაველის თეატრსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდა.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, 107-ე (ივ. ჯავახიშვილის სახელობის) აუდიტორია

« იხ. ყველა ანონსი