2016-04-15

ფოტოალბომის ,,სურათები ივანე ჯავახიშვილის საოჯახო ალბომიდან“ წარდგინება

15 აპრილს, 14:30 საათზე კასპის რაიონის სოფელ ხოვლეში, ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმში, გაიმართება ფოტოალბომის ,,სურათები ივანე ჯავახიშვილის საოჯახო ალბომიდან“ წარდგინება. ფოტოალბომი საქართველოს პრეზიდენტის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით თსუ ბიბლიოთეკამ ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 140-ე წლის საიუბილეოდ  გამოსცა. ღონისძიებას დაესწრებიან  თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, ივანე ჯავახიშვილის შთამომავლები, თსუ აკადემიური წრეების წარმომადგენლები, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები.

ალბომის გამოცემის მიზანი იყო ფოტოდოკუმენტებით მკითხველისათვის ინფორმაციის მიწოდება: ვისთან ერთად უწევდა ცხოვრება და მოღვაწეობა სახელოვან მეცნიერსა და საზოგადო მოღვაწეს ივანე ჯავახიშვილს, რომლის სახელთან დიდწილად არის დაკავშირებული მეოცე საუკუნის ქართული უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების აღორძინება-განვითარება. ალბომში, გარდა ოჯახის წევრებისა და ნათესავებისა, წარმოდგენილია იმ ადამიანების პორტრეტები, რომლებიც ივანეს ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამა თუ იმ პერიოდში იყვნენ მისი თანამოაზრე-კოლეგა-მეგობრები. განსაკუთრებით საინტერესოა თავად ივანე ჯავახიშვილის მიერ გადაღებული ფოტოები, რომელთა ნეგატივები ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ინახება და ფართო საზოგადოებისთვის პირველად ქვეყნდება.

მისამართი: კასპის რაიონი, სოფ. ხოვლე

« იხ. ყველა ანონსი