2016-07-18

მიშელ რამიშვილის ვიზიტი თსუ-ში

18 ივლისს, 17:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელს დარეჯან თვალთვაძეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის პირველი თავმჯდომარის ნოე რამიშვილის შვილიშვილი მიშელ რამიშვილი შეხვდება და თსუ ბიბლიოთეკის „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემსწავლელ ცენტრ-ბიბლიოთეკას“ საჩუქრად გადასცემს რამიშვილების ოჯახში დაცულ მნიშვნელოვან დოკუმენტებს.

დოკუმეტებს შორისაა ნოე რამიშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მარო რამიშვილისათვის გაგზავნილი სამძიმრის წერილები, სულ 97 ერთეული. აღნიშნული წერილების ავტორები არიან საქართველოს დემოკრატიული მთავრობისა და დამფუძნებელი კრების  წევრები (ნოე ჟორდანია, ევგენი გეგეჭკორი, აკაკი ჩხენკელი, სვიმონ მდივანი, ექვთიმე თაყაიშვილი, სვიმონ მდივანი და სხვ.), საფრანგეთის სოციალისტური პარტიის ლიდერები (პიერ რენოდელი და სხვ.), სომხეთის, აზერბაიჯანისა და მთიელთა რესპუბლიკების დევნილი მთავრობის წევრები (ალექსანდრ ხატისოვი და სხვ.), რუსი სოციალ-დემოკრატები, რუსეთის იმპერიიდან გადახვეწილი ემიგრანტები, ფრანგი საზოგადო მოღვაწეები და სხვ. წერილის ავტორთა შორისაა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი სტუდენტი მედეა ღამბაშიძე-ნიკოლაძისა.

გარდა სამძიმრის წერილებისა, გადმოსაცემ დოკუმენტებს შორისაა ნოე რამიშვილის მკვლელობის შესახებ ქართულ ემიგრანტულ და საერთაშორისო პრესაში გამოქვეყნებული სტატიები. მიშელ რამიშვილი შემსწავლელ ცენტრს ასევე გადასცემს ნოე რამიშვილისა და მისი ოჯახის წევრთა 20 ფოტოს.
« იხ. ყველა ანონსი