2019-07-23

კონკურსის “მისია 2019” ფინალი და დაჯილდოების ცერემონიალი

23 ივლისს, 14:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური კონკურსის - „მისია 2019“-ის გამარჯვებულები გამოვლინდებიან. „მისია“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოველწლიური პროექტია, რომელსაც უნივერსიტეტი და წარმატებული ბრენდი ერთობლივად ახორციელებენ. ამჯერად,  კონკურსის პარტნიორია კომპანია „ბაზისბანკი”, მხარდამჭერი  - პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების  კომპანია „ჯეპრა“.

ფინალში გასული 5 გუნდი ჟიურის წინაშე პარტნიორი კომპანიის მიერ მიცემული დავალებით (განათლების მხარდაჭერის მიმართულებით სასურველი თემის შერჩევა, რომელზეც გრძელვადიანი კამპანია და აქტივობები დაიგეგმება) წარსდგება.

კონკურსის საპრიზო ფონდი 5000 ლარს შეადგენს, რომელსაც პარტნიორი ბრენდი გამარჯვებულ სამ გუნდზე გადაანაწილებს: I ადგილი - 2500 ლარი, II ადგილი - 1500 ლარი, III ადგილი - 1000 ლარი.  კონკურსს კიდევ ერთი პრიზი - ნიკო ნიკოლაძის საუნივერსიტეტო პრემია დაემატა, რომელიც კონკურსის გამარჯვებულ გუნდს გადაეცემა.

ჟიურის შემადგენლობაში არიან კომპანია „ბაზისბანკი“-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი თამარ ხადური, არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდა“-ს პროგრამული დირექტორი სალომე ზურაბიშვილი, პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია „ჯეპრა“-ს მმართველი პარტნიორი და უფროსი კონსულტანტი სოსო გალუმაშვილი, საკომუნიკაციო ჯგუფ „ანაგრამას“ დამფუძნებელი თაკო როდონაია  და „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ მარკეტინგის მენეჯერი, მწერალი დათო გორგილაძე.
თსუ-ს სტუდენტური კონკურსი მარკეტინგსა და პიარში უნივერსიტეტის ყოველწლიური პროექტია, რომელსაც უნივერსიტეტი და წარმატებული ქართული ბრენდი ერთობლივად ახორციელებენ. ყოველწლიურად კონკურსის მონაწილე ბრენდი იცვლება და კონკურსანტები ახალ იდეებს ახალი პარტნიორისთვის ქმნიან. კონკურსის მიზანია სტუდენტების ახალი იდეების განხორციელებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, კონკურსის გამარჯვებული სტუდენტების პარტნიორ კომპანიასთან თანამშრომლობის უზრუნველყოფა და სამომავლო დასაქმების პერსპექტივის ზრდა. კონკურსანტებს საშუალება ეძლევათ გახდნენ კომპანიის მარკეტინგისა და პიარის ვირტუალური მენეჯერები, დაგეგმონ კონკრეტული აქტივობები, გაიმარჯვონ კონკურსში, მოიპოვონ ფულადი პრემია და განახორციელონ თავიანთი იდეები. 

სტუდენტურ კონკურსში 2019 წელს მონაწილეობა უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის 51-მა გუნდმა მიიღო, შემოსული პროექტებიდან შიდაშესარჩევმა ჟიურიმ 5 საუკეთესო გამოავლინა. ფინალური დავალების შესრულების პროცესში კონკურსანტებისთვის უნივერსიტეტისა და კომპანიის წარმომადგენლებმა სპეციალური ტრენინგები და სემინარები ჩაატარეს. 

კონკურსი წელს მეშვიდედ ჩატარდა. გასულ წლებში კონკურსის პარტნიორი კომპანიები იყვნენ: „IDS ბორჯომი საქართველო“, „გეოპლანტი“, „ნატახტარი“, „სანტე“, „თიბისი ბანკი“ და კომპანია „ას ჯორჯია“.


მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. N1. თსუ პირველი კორპუსი,  107 აუდიტორია.

« იხ. ყველა ანონსი