2017-12-05

საჯარო ლექცია უნგრელი ტიპოგრაფის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე

5 დეკემბერს, 14:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უნგრული კულტურული დღეების ფარგლებში გაიმართება ისტორიის დოქტორის პიტერ პალ კრანიცის საჯარო ლექცია უნგრელი ტიპოგრაფის მისტოტფალუში კიშ მიკლოშის ცხოვრებაზე და მოღვაწეობაზე.

უნგრელი ტიპოგრაფი მისტოტფალუში კიშ მიკლოში პირველი იყო, ვინც იმერეთის მეფის არჩილის დავალებით, 1684 წელს, პირველად მოჭრა ქართული ანბანი. არსებობს ვერსია იმის შესახებ, რომ მისი ქართული ასოები, მანამ სანამ მიაღწევდა დანიშნულების ადგილს - მეფის კარის გამომცემლობას, დაიკარგა შვედეთში (სადაც არჩილ მეფის შვილი იმყოფებოდა ტყვეობაში). ნიკოლას კიშის (კიშ მიკლოში) უმნიშვნელოვანესი ნაშრომი აშკარა დასტურია იმისა, რომ ქართულ-უნგრული ურთიერთობები გასცდა დიპლომატიურ და სამხედრო თანამშრომლობას. ეს ურთიერთობა სათავეს იღებს შუა საუკუნეებში და აისახება თანამედროვე დროის ადრეული ეპოქის კულტურაზე.

ნიკოლას კიში აღმოსავლური ბეჭდვის პიონერი ამსტერდამში მომუშავე, ტრანსილვანიელი ტიპოგრაფი იყო. მისი, სომხური, ჩინური, ებრაული, სირიული კოპტური და სხვა მრავალი დამწერლობის ასოები იყო პირველი, რომელიც ფართოდ გამოიყენებოდა ევროპულ გამომცემლობებში.

ლექცია ჩატარდება ინგლისურ ენაზე.

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ  I კორპუსი, 107-ე აუდიტორია










« იხ. ყველა ანონსი