2018-05-04

თსუ 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო მინი-სიმპოზიუმი

4 მაისს, 10:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს ქიმიური საზოგადოების ინიციატივით (GCS) გაიმართება საერთაშორისო მინი-სიმპოზიუმი, რომლის  ფარგლებში ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიისა და ბიოქიმიის დეპარტამენტის თავმჯდომარე, ვილიამ ტონგი, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, დოქტორი ვოლტერ ოშელი და განათლების საერთაშორისო ცენტის აღმასრულებელი დირექტორი, ნინო ჭელიძე ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს მოაწერენ ხელს.

თანამშრომლობის მემორანდუმი ითვალისწინებს საგანმანათლებლო პროცესში საერთაშორისო თანამშრომლობის დანერგვას, განმტკიცებას და განვითარებას და სან დიეგოს უნივერსიტეტის ბაზაზე მაღალი დონის სპეციალისტების მომზადებას, ქართველი სტუდენტების  სან დიეგოს უნივერსტიტეტში აკადემიურ საქმიანობაში მხარდაჭერას.

განათლების საერთაშორისო ცენტრი, სსიპ- ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო და სან დიეგოს უნივერსიტეტი ერთობლივად დაგეგმავენ და ითანამშრომლებენ საერთო პროგრამის სახელმძღვანელო პრინციპებზე, ვადებსა და პირობებზე საქართველოს მოქალაქეობის მქონე სტუდენტების ფინანსური მხარდაჭერის უზრუნველყოფის მიზნით.

საერთაშორისო მინი-სიმპოზიუმი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს ეძღვნება. ღონისძიებაზე დასასწრებად სპეციალური მოწვევით იმყოფებიან ქიმიისა და ბიოქიმიის მიმართულებით გამოჩენილი მეცნიერები სან დიეგოს უნივერსიტეტიდან, კალიფორნია. ღონისძიების ინიციატორები არიან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში, ამერიკული ქიმიური საზოგადოება და SDSU-G სტუდენტური chapter.

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, აუდიტორია 115







« იხ. ყველა ანონსი