2020-10-02

სამართლისა და ეკონომიკის ცენტრის 2 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიება

2 ოქტომბერს, 17:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტისა და თბილისის ღია უნივერსიტეტის ერთობლივი ცენტრის - სამართლისა და ეკონომიკის ცენტრის - დაარსებიდან 2 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება, სადაც აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები მათი საქმიანობის პროცესში საუნივერსიტეტო კვლევითი ცენტრების მნიშვნელობაზე ისაუბრებენ. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება საჯარო-კერძო უნივერსიტეტების პარტნიორობის საფუძველზე სამართლისა და ეკონომიკის მეცნიერების სფეორში ჩამოყალიბებული პირველი ინტერდისციპლინური ცენტრის საქმიანობის ანგარიში და საკორპორაციო სამართლის კომიტეტის პრეზენტაცია, რომლის შემადგენლობაში უზენაესი, სააპელაციო და საქალაქო სასამართლოს მოსამართლეები და აკადემიური წრის წარმომადგენლები შედიან.

სამართლისა და ეკონომიკის ცენტრი თბილისის ღია უნივერსიტეტისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ საუნივერსიტეტო ბაზაზე ერთობლივად დაფუძნებული სტრუქტურული ერთეულია, რომელიც მიზნად ისახავს სამართლისა და ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებით მიმდინარე საკანონმდებლო, სამეცნიერო თუ პრაქტიკული პროცესების სტიმულირებას და მონიტორინგს, პრობლემასა და გამოწვევაზე ეფექტურ რეაგირებას, სამართლებრივ-ეკონომიკურ ექსპერტიზას, საზოგადოების ინფორმირებასა და კვლევის შედეგების საზოგადოებისათვის გაცნობას, კვლევის შედეგების პრაქტიკაში ინკორპორირებას.

ორი წლის განმავლობაში ცენტრის ეგიდით ჩატარდა მნიშვნელოვანი ღონისძიებები სამართლისა და ეკონომიკის სფეროს აქტუალურ საკითხებზე, კერძოდ, სხვადასხვა ფორუმის ფარგლებში განხორციელდა ინტერდისციპლინური დისკუსია და იდეების გენერირება, სადაც აქტიურად იყვნენ ჩართულნი სასამართლო ხელისუფლების, ადვოკატთა კორპუსის, კერძო იურიდიული კომპანიებისა და აკადემიური წრის წარმომადგენლები.

პრეზენტაციას დაესწრებიან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის ღია უნივერსიტეტის რექტორები, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და აკადემიური წრის წარმომადგენლები. 

მისამართი: თბილისის ღია უნივერსიტეტი, უნივერსიტეტის ქ. #2

« იხ. ყველა ანონსი