2016-04-14

ქართული ენის დღე ვილნიუსში

14 აპრილს, 17:00 საათზე, ვილნიუსის უნივერსიტეტში (ლიტვა) ქართული ენის დღე აღინიშნება. ღონისძიება შოთა რუსთაველის იუბილეს - 850-ე წლისთავს ეძღვნება.  მისასალმებელი სიტყვებით გამოვლენ ვილნიუსის უნივერსიტეტის ვიცე რექტორი რიმანტას ჯანკაუსკასი; საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი ლიტვაში ხათუნა სალუქვაძე; ლიტვის განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე როლანდას ზუოზა; პარლამენტარი, საქართველოს მხარდამჭერი ჯგუფის ხელმძღვანელი მანტას ადომენასი; ლიტვური ენის ინსტიტუტის დირექტორი იოლანტა ზაბარსკაიტე; განათლების საკითხებში მრჩეველთა საბჭოს პრეზიდენტი ლიტვის პარლამენტში ვილია თარგამაძე.  ღონისძიებას დაესწრებიან ცნობილი მწერლები, ხელოვანები, ვილნიუსის უნივერსიტეტისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა  კალიგრაფიის ნიმუშებისა  და ფოტოების გამოფენა; უნივერსიტეტის სტუდენტები, პროფესორები ს. ტემჩინასი და მ. მანჯგალაძე წაიკითხავენ მოხსენებებს; მოეწყობა აქცია „ვცადოთ ქართულად წერა“, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი პიროვნებები: პოლიტიკოსები, მეცნიერები,  ელჩები, ჟურნალისტები, მწერლები. დიდი ფორმატის ფურცელზე ფანქრით, კონტურულად  დაიწერება აფორიზმები შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნიდან“,   აქციის მონაწილენი კი სიმბოლურად შემოხაზავენ თითო სიტყვას ან, თუნდაც, რამდენიმე ასო - ნიშანს  და, საბოლოოდ, ერთობლივ ნამუშევარს - წინადადებებს წაიკითხავენ სტუდენტები, რომელთა ლიტვურ თარგმანსაც იქვე შესთავაზებენ მონაწილეებს.  ყველა სტუმარსა და მონაწილეს დაურიგდება სამკერდე ნიშნები წარწერით: მე მიყვარს ქართული - ჩემი სახელმწიფო ენა! და მე მიყვარს ლიტვური - ჩემი სახელმწიფო ენა! პირველად საზღვარგარეთ ჩატარდება საერთაშორისო  კარნახი „ვწეროთ გამართულად ქართულ ენაზე“, რომელშიც ლიტვაში მყოფი ქართველი სტუდენტები, ქართული დიასპორის წარმომადგენლები, საქართველოს რესპუბლიკის წარმომადგენლები ლიტვაში, ლიტველი სტუდენტები მიიღებენ მონაწილეობას. ღონისძიების მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები, ხოლო ოთხი საუკეთესო ნაწერის ავტორს -სამახსოვრო საჩუქრები.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან ვილნიუსის უნივერსიტეტის უცხო ენათა ინსტიტუტი და საქართველოს საელჩო ლიტვაში, ხოლო მხარდამჭერები: ლიტვის რესპუბლიკის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ლიტვური ენის ინსტიტუტი, თსუ, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი.

ღონისძიება ტარდება ევროკომისიის მიერ დაფინანსებული მე-7 ჩარჩო პროგრამის ფარგლებში, სახელწოდებით: „EU-PREACC - ევროკავშირში გაწევრიანებისათვის შესაძლებლობებისა და შეზღუდვების, გამოწვევებისა და დაბრკოლებების შესახებ საუკეთესო გამოცდილების გაზიარება საქართველოსა და მოლდოვეთისთვის ევროკავშირში გაწევრიანების წინა პროცესში“. (EU-PREACC  – Possibilities and Limits, Challenges and Obstacles of Transferring CEE EU Pre-accession Best Practices and Experience to Moldova’s and Georgia’s Pre-acession Process (2013-2017) . 

ღონისძიების იდეის ავტორია პროფ., ფილ. დოქტორი, თსუ არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი მარიამ მანჯგალაძე, რომელიც 2015 წლის სექტემბრიდან 2016 წლის 15 ივლისამდე თსუ-დან მიწვეულია მარია კიურის სტიპენდიით ვილნიუსის უნივერსიტეტში.
« იხ. ყველა ანონსი