2012-11-03

ამერიკული წიგნის კლუბი თსუ-ში

3 ნოემბერს, 12.00 საათზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამერიკული წიგნის კლუბის პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიებას თსუ რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი, ტენესის ბიბლიოთეკის მეგობართა ჯგუფის წევრები სტეფენ მოსლი, სტივ ჰილისი და თსუ წარმომადგენლები დაესწრებიან.
ამერიკული წიგნის კლუბი  ქართულ-ამერიკული პროექტია, რომeლსაც საფუძველი გასულ წელს ჩაეყარა. ამერიკული  ბიბლიოთეკის  მეგობართა ჯგუფმა ტენესის შტატში შეგროვებული 40 ათასამდე წიგნი საზოგადოებრივ ორგანიზაციას „სამოქალაქო განათლებისა და სოციალური თანასწორობის ცენტრს“ გამოუგზავნა. ამერიკული წიგნის კლუბში ყველა მიმდინარეობისა და ასაკისთვის საინტერესო წიგნია თავმოყრილი. წიგნებით სარგებლობის უფლება თსუ სტუდენტებთან ერთად, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ექნება.
ტენესის ბიბლიოთეკის მეგობართა ჯგუფის წევრები სტეფენ მოსლი და სტივ ჰილისი საქართველოს 2-7 ნოემბერს ეწვევიან. ვიზიტის ფარგლებში შედგება მათი შეხვედრა თსუ რექტორთან ალექსანდრე კვიტაშვილთან და თსუ ამერიკის სწავლების ცენტრის წარმომადგენლებთან. ამერიკული წიგნის კლუბი „სამოქალაქო განათლებისა და სოციალური თანასწორობის ცენტრის“ თსუ ამერიკის სწავლების ცენტრთან თანამშრომლობის საფუძველზე იხსნება.

მისამართი: ქეთევან წამებულის 55, თსუ-ს სასწავლო კორპუსი

« იხ. ყველა ანონსი