2016-02-29

ზამთრის ქართველოლოგიური სკოლა - 2016

29 თებერვალს, 13:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ოფიციალურად დაიხურება „ზამთრის ქართველოლოგიური სკოლა - 2016“. ღონისძიებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, სტუდენტები, პროფესორები დაესწრებიან,  ზამთრის ქართველოლოგიური სკოლის მიზანი იყო მეცნიერებაში ქართველოლოგიის მიმართულებით დაინტერესებული ახალგაზრდა კადრის მოზიდვა, მათი ცოდნის გაღრმავება, უახლესი სამეცნიერო კვლევების გაცნობა-პოპულარიზაცია, სამეცნიერო წრეებთან მსმენელთა ადაპტირება. პროექტში მსმენელები შეირჩა საქართველოს სხვადასხვა რეგიონის უმაღლესი სასწავლებლებიდან.

მონაწილეები გაეცნენ თანამედროვე კვლევებს შემდეგი მიმართულებით: ქართული ლიტერატურა, ისტორია-არქეოლოგია, ფოლკლორი და ეთნოლოგია, ენათმეცნიერება, ფილოსოფია.

ზამთრის სკოლის ყველა მონაწილე დაჯილდოვდება სერტიფიკატებითა და საჩუქრებით, ხოლო რამდენიმე გამორჩეულ მონაწილეს გადაეცემა ფულადი პრემია გერმანელი ქართველოლოგის ჰაინც ფენრიხის ქველმოქმედებიდან.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან ქართველოლოგიის მხარდამჭერთა საერთაშორისო ასოციაცია და თსუ. ზამთრის სკოლა გაიმართა ქართველოლოგიის მხარდამჭერთა საერთაშორისო ასოციაციისა და შოთა რუსთველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ხელშეწყობით. 

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სხდომათა დარბაზში (107-ე აუდიტორია)

« იხ. ყველა ანონსი