2019-10-11
ღია კარის დღე უნგრული ენისა და კულტურის შესწავლის მსურველთათვის
11ოქტომბერს, 14.00საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უნგრული ენისა და კულტურის შესწავლის მსურველთათვის ღია კარის დღე გაიმართება. ოქტომბერში თსუ-ში უნგრული ენისა და კულტურის შემსწავლელი კურსი დაიწყება. თსუ-ში უნგრული ცენტრის წარმომადგენელი არპად ელეში სტუდენტებს გააცნობს უნგრულის შესწავლის სპეციფიკასა და უპირატესობას. ღონისძიებას საქართველოში უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ვიქტორია ჰორვატი დაესწრება.
უნგრეთის მთავრობის სასტიპენდიო პროგრამით, ყოველ წელს, 80 ქართველი სტუდენტი მიდის უნგრეთის სხვადასხვა უნივერსიტეტში სასწავლებლად. თსუ უნგრული ენის კურსი მათ უნგრული ენის საბაზისო ცოდნის მიღებაში დაეხმარება. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და უნგრეთის საგარეო ურთიერთობათა და ვაჭრობის მინისტრმა პიტერ სიიარტომ 2019 წლის ივლისში ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც თსუ-ში უნგრული ენისა და კულტურის საკითხთა სწავლებას ითვალისწინებს.
მემორანდუმის თანახმად, უნივერსიტეტში უნგრულ ენასა და კულტურას შეასწავლის უნგრეთის საგარეო უწყების მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული ინსტრუქტორი. ერთწლიანი სწავლების შემდეგ უნივერსიტეტი განიხილავს პროგრამის სათანადოობასა და კრედიტების სისტემასთან ინტეგრაციის შესაძლებლობას.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის 1, თსუ პირველი კორპუსი, მე-2 სართული, მუზეუმი