2014-10-07

წიგნის „საქართველოს მყინვარები“ პრეზენტაცია თსუ-ში

7 ოქტომბერს, 11.00 საათზე,  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება თსუ დოქტორანტის ლევან ტიელიძის წიგნის  „საქართველოს მყინვარები“ პრეზენტაცია.

,,საქართველოს მყინვარები’’ პირველი მონოგრაფიაა ქართულ ენაზე, სადაც განხილულია ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში კლიმატის ცვლილების შედეგად კავკასიონზე მყინვარების რაოდენობისა და ფართობის ცვალებადობა. კავკასიონზე, კერძოდ საქართველოში მიმდინარე გლაციალური პროცესები გლობალური დათბობის შედეგად მყინვარების ინტენსიური დნობის დამადასტურებელია.

საქართველოს მყინვარების შესახებ სრული სტატისტიკური და აღწერილობითი ინფორმაცია 1960-იანი წლების შემდეგ არ არსებობდა. თითქმის ნახევარი საუკუნის შემდეგ, თანამედროვე მეთოდების, ახალი აეროკოსმოსური სურათების და საველე ექსპედიციების საფუძველზე მიღებულია უახლესი და სრული ინფორმაცია საქართველოს მყინვარების შესახებ ცალკეულ მდინარეთა აუზების მიხედვით.

მონოგრაფიაში განხილულია საქართველოს ძველი და თანამედროვე გამყინვარების დინამიკა და მასშტაბები, მტკნარი წყლის მარაგთან დაკავშირებული საკითხები. განხილულია ისეთი პრობლემები, როგორიცაა მყინვარების ნგრევის შედეგად წარმოქმნილი სტიქიური მოვლენები, მათ შორის,  დარიალის ხეობაში მყინვარ დევდორაკზე მომხდარი გლაციალური ღვარცოფი და სხვ.

„საქართველოს მყინვარები“ დიდ დახმარებას გაუწევს არა მარტო გლაციოლოგიით და გეოგრაფიით, არამედ  საბუნებისმეტყველო და დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებებით  დაინტერესებულ სხვადასხვა უნივერსიტეტების როგორც აკადემიურ პერსონალს, ასევე სტუდენტებს, მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს. პრეზენტაციის შემდეგ დაგეგმილია ამ სახელმძღვანელოს რამდენიმე ეგზემპლარის თსუ ბიბლიოთეკისთვის გადაცემა.

მონოგრაფია ემყარება ავტორის ათწლიან თეორიულ და საველე-კამერალურ კვლევის შედეგებს, რომელიც ჩატარებულია კავკასიონის სამხრეთ და ჩრდილოეთ ფერდობზე თითქმის ყველა მყინვარულ აუზში. ძირითადი თეორიული დებულებები და დასკვნები ავტორის მიერ დამუშავებულია თსუ ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტიში. ასევე, 2014 წელს კვლევის გარკვეული ნაწილი შესრულებულია ამერიკის შეერთებულ შტატებში, მეინის უნივერსიტეტის კლიმატის ცვლილების ინსტიტუტში. მონოგრაფია შესრულებულია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური ხელშეწყობით.

პრეზენტაციის პარალელურად გამოიფინება საქართველოს მყინვარების პეიზაჟები, რომელიც გადაღებულია ლევან ტიელიძის მიერ, თსუ გეოგრაფიის ინსტიტუტის ეგიდით ჩატარებული ექსპედიციების განმავლობაში; აგრეთვე  ფართო საზოგადოებისთვის აქამდე უცნობი XIX საუკუნის საქართველოს მყინვარების უნიკალური ფოტოები, რომელიც ცნობილი იტალიელი მოგზაურის - ვიტორიო სელას მიერაა გადაღებული; ასევე XX საუკუნის ოცდაათიან წლებში გეოგრაფიის ინსტიტუტის მეცნიერების მიერ გადაღებული მყინვარების ფოტოები. გამოფენაზე დამთვალიერებელს გლობალური დათბობის შედეგად წარმოქმნილი მყინვარების ცვლილებების დაფიქსირების საშუალება ექნება.

მისამართი; ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, ბიბლიოთეკა, მარო მაყაშვილის სამკითხველო დარბაზი


« იხ. ყველა ანონსი