2015-09-10

საერთაშორისო კონფერენცია „ენა და თანამედროვე ტექნოლოგიები“

10 სექტემბერს, 10:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ინიციატივით, პარლამენტისა და პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ოფიციალური მხადაჭერით გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია - „ენა და თანამედროვე ტექნოლოგიები“ გაიმართება. რიგით მეოთხე საერთაშორისო კონფერენციას პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი გახსნის.

კონფერენცია XXI საუკუნის უმნიშვნელოვანეს პრობლემას - ენის ტექნოლოგიების შექმნისა და განვითარების საკითხებს დაეთმობა. ენის განვითარების პრობლემატიკასთან დაკავშირებით, ანალოგიური კონფერენცია საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს ქუთაისის შენობაში, უშუალოდ პარლამენტის თავმჯდომარის თაოსნობითა და ხელშეწყობით 2013 წელსაც გაიმართა. სწორედ აღნიშნულ ფორუმზე, რომელიც „ქართული ენა 21-საუკუნეში - გამოწვევა და პერსპექტივები“ სახელწოდებით ჩატარდა, საფუძველი ჩაეყარა სახელმწიფოებრივი მიდგომის ჩამოყალიბებას, რასაც ქართული ენის თანამედროვე ტექნოლოგიებით დოკუმენტირება, კვლევა და „ციფრული“ დამკვიდრება ჰქვია.

ფრანკფურტის გოეთეს სახელობის უნივერსიტეტის და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანაორგანიზატორობით მომზადებული კონფერენცია ქვეყანაში მიმდინარე სამუშაოთა ინტერნაციონალიზაციასა და თანამედროვე მსოფლიოში დარგში დაგროვილი ცოდნის ქართულ სამეცნიერო სივრცეში დამკვიდრებას ემსახურება. კონფერენციას სასწავლო-სამეცნიერო სემინარი დაასრულებს, რომელზეც ათეულობით ახალგაზრდა და მათი პროფესორ-მასწავლებლები კორპუსის ლინგვისტიკის მიღწევებს გაეცნობიან. მათ ლექციებს გერმანიიდან, ბრიტანეთიდან და ნორვეგიიდან დარგის ცნობილი პროფესიონალები წაუკითხავენ.

ენა ეროვნული კულტურის ფუნდამენტური ღირებულებაა. იუნესკოს პროგნოზით 21-ე საუკუნეში დღეს არსებულ ენათა მხოლოდ 10%-ი იქნება სიცოცხლისუნარიანი. ენის თანამედროვე მეთოდებით დოკუმენტირება და კვლევა, ენის ტექნოლოგიების დამუშავება და დახვეწა ენების „ციფრული კვდომის“ თავიდან აცილების ერთადერთი გარანტიაა.

მისამართი: თბილისი, რუსთაველის გამზირი,  საქართველოს პარლამენტი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი

« იხ. ყველა ანონსი