2014-05-27

ეკონომიკურ-პოლიტიკური ფორუმი „თბილისის ბალკონი“ თსუ-ში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  მეწარმეობის დაწყებისა და მისი განვითარების პრობლემატიკაზე იმსჯელებენ   27 მაისს, 13.00 საათზე საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ქართველი და  უცხოელი ექსპერტები. ღონისძიებას თსუ რექტორის მოადგილე მარინე ჩიტაშვილი, აკადემიური პერსონალი, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.

მესამე ეკონომიკურ პოლიტიკური ფორუმის „თბილისის ბალკონის“ თემაა მეწარმეობა. ფორუმზე მოხსენებებს წაიკითხავენ  ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი, ცნობილი "Teekampagne"-ს დამფუძნებელი გიუნტერ ფალტინი; გერმანიის ეროვნული და ევროკავშირის სამეცნიერო პრემიების ლაურეატი, სოციალური მეწარმეობის სააგენტოს ,,iq consult”–ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ნორბერტ კუნცი; ბერლინის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, ეკონომიკური პოლიტიკისა და ეკონომიკური განათლების  ქართულ–გერმანული ინსტიტუტის თანადირექტორი ვოლფგანგ ვენგი და სხვა. ფორუმის ფარგლებში გაიმართება გიუნტერ ფალტინის  წიგნის ,,გონება ამარცხებს კაპიტალს“ ქართულენოვანი გამოცემის პრეზენტაცია, რომელიც მოამზადა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობამ.

მესამე საერთაშორისო ეკონომიკურ-პოლიტიკური ფორუმის „თბილისის ბალკონის“ ორგანიზატორია ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ეკონომიკური პოლიტიკის კათედრა და მასთან არსებული ეკონომიკური პოლიტიკისა და ეკონომიკური განათლების  ქართულ–გერმანული ინსტიტუტი.
ეკონომიკურ-პოლიტიკური ფორუმი „თბილისის ბალკონი“ 28 მაისს დასრულდება.

მისამართი: უნივერსიტეტის ქ.2, თსუ მე-10 (მაღლივი) კორპუსი, 206-ე აუდიტორია

« იხ. ყველა ანონსი