2010-05-31

თსუ–ში მსოფლიო დღე თამბაქოს გარეშე აღინიშნება

31 მაისს, 11:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მსოფლიო დღე თამბაქოს გარეშე აღინიშნება. მეორე კორპუსის ფოიეში სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედი პიქტოგრამების გამოფენა გაიმართება, რომელიც ერთ კვირას გასტანს. ღონისძიებაზე თამბაქოსაგან თავისუფალი რამოდენიმე სკოლა დაჯილდოვდება. სიტყვით გამოვლენ მოწვეული სტუმრები, დარიგდება ბუკლეტები და ფლაერები. ღონისძიებას თსუ-ის რექტორი, პროფესორი გიორგი ხუბუა,  საქართველოს განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროების, პარლამენტის წარმომადგენლები დაესწრებიან.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (ჯანმო) თამბაქოს საწინააღმდეგო საერთაშორისო დღე 1987 წელს დააწესა, რათა ამით მსოფლიო საზოგადოების  ყურადღება თამბაქოს ეპიდემიისთვის მიექცია. მსოფლიო დღე მიზნად ისახავს მოსახლეობის ინფორმირებას თამბაქოს მოხმარების რისკებისა და თამბაქოს კომპანიების საზიანო ქმედებების შესახებ, ასევე იმ ღონისძიებების შესახებ, რასაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია თამბაქოს ეპიდემიის დასაძლევად ატარებს.

2010 წელს თამბაქოს საწინააღმდეგო საერთაშორისო დღის თემა არის გენდერი და თამბაქო. ქალთა შორის თამბაქოს ეპიდემიის კონტროლი თამბაქოს კონტროლის სტრატეგიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენს. ჯანმოს რეკომენდაციით, აუცილებელია თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენციის წევრ, დაახლოებით 170 სახელმწიფოში სრულად აიკრძალოს თამბაქოს ნაწარმის ნებისმიერი სახის რეკლამა, პრომოცია და სპონსორობა. ქალები თამბაქოს ინდუსტრიისათვის მნიშვნელოვან სეგმენტს წარმოადგენენ. ისინი შეადგენენ მსოფლიოს 1 მილიარდი მწეველის დაახლოებით 20%. სწორედ ამიტომ თამბაქოს ინდუსტრიის ბოლოდროინდელი მარკეტინგული სტრატეგია გათვლილია ქალებზე. ისინი მიზნად ისახავენ ახალი მომხმარებლების ჩათრევას, რომლებმაც უნდა ჩაანაცვლონ ნაადრევად გარდაცვლილი ძველი მწეველები. განსაკუთრებით საგანგაშოა მწეველობის ზრდა ახალგაზრდა გოგონებში. ჯანმოს ახალ კვლევაში აღნიშნულია, რომ თამბაქოს რეკლამების სამიზნეს სწორედ გოგონები წარმოადგენს. ჯანმოს თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენცია აღიარებს, რომ აუცილებელია გენდერული ასპექტების გათვალისწინება თამბაქოს კონტროლის სტრატეგიის შემუშავებისას.

2010 წლის თამბაქოს საწინააღმდეგო საერთაშორისო დღეს და მომდევნო წლის განმავლობაში ჯანმო სათანადო რეკომენდაციებს მისცემს ქვეყნებს, რომ მათ აქტიური ღონისძიებები გაატარონ თამბაქოს ეპიდემიის კონტროლის მიმართულებით. თამბაქოს მოხმარებამ მიმდინარე საუკუნის განმავლობაში შესაძლოა 1 მილიარდი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლოს. ამიტომ, აუცილებელია გადამჭრელი ზომების მიღება თამბაქოს კონტროლის მიმართულებით.

საქართველოში ამ დღეს წელს ერთობლივად აღნიშნავს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და თამბაქოს კონტროლის ალიანსი. ბოლო 5 წლის განმავლობაში 2,5 ჯერ გაიზარდა ახალგაზრდა გოგონებს შორის თამბაქოს მოხმარებამ. შესაბამისად იმატა მკვდრადშობადობებისა და და სიმახინჯეებით შობადობის რიცხვმა. ასეთი უმძიმესი მდგომარეობა თამბაქოს ინდუსტრიის აგრესიული სარეკლამო პოლიტიკის შედეგია.
თამბაქოს კონტროლის ალიანსი და სტუდენტობა მოუწოდებს მთავრობას აკრძალოს თამბაქოს ნაწარმის ყველა სახის რეკლამა, პრომოცია და სპონსორობა.  

ღონისძიების ორგანიზატორები არიან: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი, თამბაქოს კონტროლის ალიანსი საქართველოში, საქართველოს ექიმთა ასოციაცია; ევროპის მედიკოს სტუდენტთა ასოციაცია თსუ ( EMSA TSU )



თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
მის: ჭავჭავაძის №3
ტელ: 22 23 91;  36 88 50
ელ.ფოსტა: tsupr@tsu.ge

« იხ. ყველა ანონსი