2010-04-13

თსუ-ს საერთაშორისო კონფერენცია ვარძიაში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეგიდით 13-15 აპრილს ვარძიის კომპლექსის ერთ-ერთ დარბაზში ტარდება სტუდენტ-არქეოლოგთა II საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც გამოჩენილი ინგლისელი არქეოლოგის, სტრატიგრაფიული მეთოდის ფუძემდებლის - პიტ რივერსის ხსოვნას ეძღვნება.
კონფერენცია უკვე მეორე წელია იმართება და მიზნად ისახავს არქეოლოგიის და  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ოქსფორდის უნივერსიტეტს შორის არსებული გაცვლითი პროგრამების პოპულარიზაციას.
კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ მეცნიერები და სტუდენტები ინგლისიდან, იტალიიდან, ესპანეთიდან, საფრანგეთიდან და პორტუგალიიდან. კონფერენციის ორგანიზატორია თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის არქეოლოგიის მიმართულების პროფესორი ვახტანგ ლიჩელი. კონფერენციის თავმჯდომარეა ოქსფორდის უნივერსიტეტის არქეოლოგიის მიმართულების პროფესორი მაიკლ ვიკერსი.
კონფერენციაზე სტუმრებმა წარმოადგინეს ბოლო ერთი წლის მანძილზე მსოფლიო არქეოლოგიაში მიმდინარე აღმოჩენების ანგარიში. აგრეთვე, მოხდა შეძენილი გამოცდილებების გაზიარება.
გენერალ-ლეიტენანტი აუგუსტ ჰენრი ლაინ ფოქს პიტ რივერსი (1827-1900წწ) ცნობილი ინგლისელი მეცნიერია. მან შეიმუშავა ე.წ. ტიპოლოგიური მეთოდი, რაც ნიშნავს, რომ ყველა ნივთი ვითარდება მარტივიდან რთულისაკენ, ყველა მატერიალური ობიექტი ვითარდება ევოლუციური გზით.
პიტ რივერსი იყო საველე არქეოლოგი, რომელმაც სხვებისგან განსხვავებით ყურადღება მიაქცია იმას, რომ ძველი ნამოსახლარები შეიცავენ უსაზღვროდ დიდ ინფორმაციას საზოგადოების განვითარების შესახებ, რის საფუძველზეც ჩამოაყალიბა – სტრატიგრაფიული მეთოდი, ანუ მეთოდი თუ როგორი თანმიმდევრობით შეიძლება დალაგდეს არქეოლოგიური ფენები და როგორ უნდა მოხდეს მათი ინტერპრეტაცია. დღეს მთელი მსოფლიოს არქეოლოგიური გამოკვლევები ეფუძნება სწორედ სტრატიგრაფიულ მეთოდს, მის გარეშე არ ხდება არც ერთი არქეოლოგიური ძეგლის გათხრა, არც ერთი დიდი აღმოჩენა.
1880 წელს პიტ რივერსმა მთელი მისი კოლექცია - 10000-ზე მეტი ნივთი ოქსფორდის უნივერსიტეტის მუზეუმს გადასცა. დღეისათვის პიტ რივერსის მუზეუმი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ კოლექციას ფლობს.
საერთაშორისო კონფერენცია ხვალ დასრულდება. მსოფლიო მეცნიერ-არქეოლოგთა უკვე ტრადიციად ქცეული შეხვედრა მომდევნო წელს კვლავაც ვარძიაში გაიმართება.



თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
მის: ჭავჭავაძის №3
ტელ: 22 23 91;  36 88 50
ელ.ფოსტა: tsupr@tsu.ge

« იხ. ყველა ანონსი