2012-07-07

თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის დიპლომების გადაცემის საზეიმო ცერემონია

7 ივლისს, 16.00 საათზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET-აისეტი)  მეხუთე თაობის ეკონომიკის მაგისტრების გამოშვების ცერემონია გაიმართება.
 ISET-ში ორწლიანი სამაგისტრო პროგრამის დასრულების შემდეგ, ეკონომიკის მაგისტრის წოდება 27 სტუდენტს მიენიჭება. მაღალი აკადემიური მოსწრების მაგისტრანტები Summa cum laude (სუმა კუმ ლაუდე) და Cum laude (კუმ ლაუდე) დიპლომებით დაჯილდოვდებიან,  საუკეთესო თეზისების ავტორი სტუდენტები სპეციალურ სერტიფიკატებს მიიღებენ,  ხოლო ISET-ის 2012 წლის კლასის ლიდერს ზურაბ ჟვანიას სახელობის პრიზი გადაეცემა.
მაგისტრებისთვის დიპლომების გადაცემის საზეიმო ცერემონიას დაესწრებიან თსუ რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი, საქართველოს ფინანსთა მინისტრი დიმიტრი გვინდაძე,  ლიბერთი ბანკის გენერალურ დირექტორი ლადო გურგენიძე, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველი და აისეტის კვლევითი ინსტიტუტის ექსპერტი გიორგი ბაქრაძე და ნინო ქადაგიძე-ჟვანია.   ფინანსთა მინისტრი დიმიტრი გვინდაძე საუკეთესო მაგისტრანტს  valedictorian-ის (ვალედიქტორიანის) სერტიფიკატს გადასცემს.
სამაგისტრო პროგრამის დასრულების შემდეგ ISET-ის კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა აქვთ სწავლა ნიუ იორკის, სტენფორდის, ჩიკაგოს, პენსილვანიისა და სხვა დასავლეთის ქვეყნების უნივერსიტეტების დოქტორანტურაში განაგრძონ. მიღებული გამოცდილების და ცოდნის შედეგად კურსდამთავრებულები სახელმწიფო, კერძო და საერთაშორისო ორგანიზაციებში წამყვან თანამდებობებზე დასაქმდებიან.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კურპუსი, სააქტო დარბაზი
« იხ. ყველა ანონსი