2013-11-04

თსუ-ს პაატა ბურჭულაძე ეწვევა

4 ნოემბერს, 16.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ცნობილი საზოგადო მოღვაწე, ქველმოქმედი, ფონდების ,,იავნანა” და ,,ივერიისა” დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე ეწვევა. პაატა ბურჭულაძე თსუ რექტორს, აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას, პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს შეხვდება.

შეხვედრა  მახათას მთაზე მიმდინარე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მშენებლობას მიეძღვნება. შეხვედრის ორგანიზატორი და საინფორმაციო მხარდამჭერია გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტის” რედაქცია.

თბილისში, მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრისა და სამონასტრო კომპლექსის მშენებლობა უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ლოცვა-კურთხევით მიმდინარეობს. ამ ტაძარს მთელი საქართველო და ემიგრაციაში მყოფი ჩვენი თანამემამულეები ერთიანი ძალისხმევით აშენებენ. სახალხო აქციაში ათასობით ადამიანია გაერთიანებული. მასში უკვე 204 000-ზე მეტი ადამიანია ჩართული.

ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის ასაშენებლად 2010 წლის 27 ივლისს დაფუძნდა ფონდი „ივერიისა“, რომელსაც პაატა ბურჭულაძე ჩაუდგა სათავეში. დაარსების დღიდან ფონდმა მიზნად დაისახა, ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი მთელ საქართველოს ერთიანი ძალისხმევით აეშენებინა.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, №07 აუდიტორია

« იხ. ყველა ანონსი