2012-06-22

სოციალური მუშაკების შეხვედრა პოტენციურ დამსაქმებლებთან

22 ივნისს, 10.30 საათზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციალური მუშაობის პრაქტიკის ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და სტუდენტებისთვის   პოტენციურ დამსაქმებლებთან შეხვედრა გაიმართება. ღონისძიება საქართველოს მოსახლეობის სოციალური დაცვის სისტემის ხელშეწყობის მიზნით იმართება.
აკადემიური ხარისხის მქონე სოციალური მუშაკების დასაქმება სოციალური მუშაობის ორგანიზაციებში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს საქართველოს მოსახლეობის სოციალური დაცვის სისტემის განვითარებაში. სოციალური მუშაობის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის პროგრამები რამდენიმე წელია მუშაობს ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. ამ პროგრამების ერთ-ერთი ძირეული შემადგენელი ნაწილია პრაქტიკის კომპონენტი, რომელიც სტუდენტებს საშუალებას აძლევს მიიღონ საფუძვლიანი პრაქტიკული გამოცდილება საუნივერსიტეტო პროგრამის გავლის პროცესში. საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია აქტიურად უჭერს მხარს სოციალური მუშაობის აკადემიური პროგრამების პრაქტიკის კომპონენტის განვითარებას.
პრაქტიკის სწავლებაში ჩართულ თითოეულ ორგანიზაციას გამოყოფილი ექნება საკუთარი სტენდი, რომელზეც წარმოდგენილი იქნება ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ. სოციალური მუშაობის სტუდენტებს  შესაძლებლობა ექნებათ გაესაუბრონ თითოეული ორგანიზაციის წარმომადგენელს და მიიღონ მათთვის საინტერესო ინფორმაცია ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ.
ღონისძიებაში მონაწილეებს მიესალმება თსუ რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი,  მიწვეულნი არიან შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები; სოციალურ სფეროში მოღვაწე სამთავრობო და არასამთავრობო უწყებები და ორგანიზაციები, სადაც სტუდენტები პრაქტიკას გადიან.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, #006 აუდიტორია « იხ. ყველა ანონსი