2017-05-19

წიგნის პრეზენტაცია - ლევ ტოლსტოის ტრაქტატი „რა არის ხელოვნება?“ და მისი მნიშვნელობა

19 მაისს, 17.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  თსუ ასოცირებული პროფესორის ეკა ვარდოშვილის წიგნის - „ლევ ტოლსტოის ტრაქტატი „რა არის ხელოვნება?“ და მისი მნიშვნელობა“ პრეზენტაცია გაიმართება.

ნაშრომში აღნიშნულია, რომ ლ. ტოლსტოის თეორიული სახის ტრაქტატი - „რა არის ხელოვნება?“, ხელოვნების არსისა და დანიშნულების საკითხებზე მსჯელობასთან ერთად შეიცავს კულტურული ინტეგრაციის საკითხებისადმი თანამედროვე მიდგომებს. ნაშრომში ასევე საუბარია, როგორ აისახა კულტურული ინტეგრაციის საკითხი XIX საუკუნის დასასრულსა და XX საუკუნის 10-იან წლებში ქართულ ლიტერატურასა და მეცნიერებაში, ილია ჭავჭავაძის შემოქმედებისა და კიტა აბაშიძის მეცნიერული ნააზრევის საფუძველზე, საერთო ევროპული ლიტერატურული პროცესების ფონზე. ნაჩვენებია, რომ ქართული კულტურა თავისი არსით არის ევროპული კულტურის განუყოფელი ნაწილი. გერმანიის ნაციონალურ ბიბლიოთეკას შეტანილი აქვს აღნიშნული მონოგრაფია გერმანიის ნაციონალურ ბიბლიოგრაფიაში, რაც მნიშვნელოვანი მოვლენაა ქართულ-გერმანულ ურთიერთობებისათვის.

წიგნი გამოსცა გამომცემლობა Palmarium Academic Publishing-მა (საარბრიუკენი) 2016 წელს და გათვალისწინებულია ჰუმანიტარულ სფეროში მომუშავე მეცნიერებისა და მკითხველთა ფართო წრისათვის.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1. თსუ I კორპუსი, აუდიტორია 107




« იხ. ყველა ანონსი