2014-06-05

ნართების ეპოსისა და ქართულ-ოსური და ოსურ-ქართული ლექსიკონების პრეზენტაცია

5 ივნისს, 17.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ნართების ეპოსის ორენოვანი გამოცემისა და ოსურ-ქართული და ქართულ-ოსური ლექსიკონების მეორე გამოცემის პრეზენტაცია გაიმართება.

ნართების ეპოსი ოსური ზეპირსიტყვიერების შედევრია, სადაც წარმოდგენილია მარადიულ ღირებულებებზე დაფუძნებული ტრადიციები. ეს არის სამყარო, რომელშიც უმაღლესი ეთიკური და მორალური წესების დამცველი გმირები არიან გაერთიანებულნი. ნართების ეპოსი ქართულ ენაზე თარგმნა პროფ. ნაირა ბეპიევმა. კრებულში შესული ტექსტების დიდი ნაწილი პირველად ქვეყნდება. ნართების ეპოსს ახლავს კომენტარები, ტექსტების პასპორტიზაცია და სხვა.

ქართულ-ოსური და ოსურ-ქართული ლექსიკონები სრულიად ახალი მოვლენაა ქართველებისა და ოსების კულტურულ-საგანმანათლებლო ისტორიაში. ქართულ-ოსური და ოსურ-ქართული ლექსიკონები მოიცავს მთლიანობაში 50 000-ზე მეტ სიტყვას, ლექსიკონების შემდგენელი და მთავარი რედაქტორია ნაირა ბეპიევი. ლექსიკონებს ერთვის   ოსური ენის გრამატიკული ნარკვევი (აკადემიკოსი ვასილ აბაევი) და ქართული ენის გრამატიკული მიმოხილვა (აკადემიკოსი ავთანდილ არაბული). წიგნს დართული აქვს გამოყენების წესები ოსურ და ქართულ ენებზე, ოსური და ქართული ანბანი ტრანსკრიპციით, ასევე - შემოკლებები, განმარტებები და სხვა. ლექსიკონი პირველად გამოიცა 2012 წელს, თუმცა დიდი ინტერესის გამო მისი მეორე გამოცემა განხორციელდა.

როგორც ნართების ეპოსის ორენოვან გამოცემაზე, ასევე ლექსიკონების გამოცემაზე მუშობდნენ ქართველი და ოსი მეცნიერები და მთარგმნელები თბილისიდან და ცხინვალიდან. 

წიგნების გამოცემა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამა “COBERM-ის“ მხარდაჭერით საერთაშორისო საზოგადოება „კავკასიური მოზაიკას“ პროექტის ფარგლებში დაფინანსდა.

საღამოს მუსიკალურად გააფორმებს სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის სახელმწიფო ანსამბლი „ნართები“.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ  პირველი  კორპუსი, სააქტო დარბაზი




« იხ. ყველა ანონსი