2011-09-28

ვაჟა-ფშაველას დაბადებიდან 150 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები

28 სექტემბერს, 16:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვაჟა-ფშაველას დაბადებიდან 150 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართება. გამოფენა თსუ–ის მუზეუმისა და შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ერთობლივი ორგანიზებით მოეწყობა.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მუზეუმში დაცული მწერლისადმი მიძღვნილი ფერწერული, გრაფიკული და სკულპტურული ნამუშევრები. სახვითი ხელოვნების აღნიშნული ნიმუშები მხატვრებმა და მოქანდაკეებმა ვაჟა-ფშაველას დაბადებიდან 100 წლისთავზე უანგაროდ უსახსოვრეს უნივერსიტეტს. განახლებული და აღდგენილი  კოლექცია საზოგადოების წინაშე პირველად გამოიფინება.

2011 წელი იუნესკომ ვაჟა-ფშაველას წელიწადად გამოაცხადა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გამოფენის პარალელურად დაგეგმილია მწერლის 150 წლისთავისადმი მიძღვნილი სიმპოზიუმი სახელწოდებით "მითოსური აზროვნება, ფოლკლორი და ლიტერატურული დისკურსი. ევროპული და კავკასიური გამოცდილება". სიმპოზიუმის სამუშაო სექციების მრავალფეროვანი თემატიკა ლიტერატურათმცოდნეობის ყველა სფეროს მოიცავს. სიმპოზიუმი 28 სექტემბერს 14:30 საათზე სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში გაიხსნება. ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია ამირან არაბულის წიგნის "ვაჟკაცობისას ამბობენ" პრეზენტაცია, ვაჟა-ფშაველასადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა, ასევე სიმპოზიუმის უცხოელი მონაწილეებისათვის ექსკურსიები თბილისსა და მცხეთაში.

სიმპოზიუმს მსოფლიოს 18 ქვეყნის 134 მონაწილე დაესწრება. სიმპოზიუმში მონაწილეობას ამერიკის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, რუმინეთის, ჩეხეთის, რუსეთის, უკრაინის, ბალტიისპირეთის სახელმწიფოების წამყვანი სამეცნიერო და სასწავლო ცენტრების წარმომადგენლები მიიღებენ.

სიმპოზიუმის საზეიმო დახურვა პირველ ოქტომბერს ჩარგალში, ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმში გაიმართება.
« იხ. ყველა ანონსი