2016-09-06

ევროპის ლექსიკოგრაფთა ასოციაციის მე-17 საერთაშორისო კონგრესი თბილისში

6 სექტემბერს, 15.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  ევროპის ლექსიკოგრაფთა ასოციაციის მე-17 საერთაშორისო ლექსიკოგრაფიული კონგრესი გაიხსნება. ღონისძიებაში  მსოფლიოს წამყვანი ლექსიკოგრაფები, გამომცემლები, მკვლევრები, პროგრამისტები და ზოგადად ლექსიკოლოგია-ლექსიკოგრაფიით დაინტერესებული პირები მიიღებენ მონაწილეობას.

საერთაშორისო კონგრესზე, რომელშიც მსოფლიოს 40 ქვეყანიდან 150 დელეგატი მონაწილეობს,   მსოფლიოს 40 ენის შესხაებ 100 მოხსენება იქნება წარმოდგენილი. კონგრესის პროგრამა მოიცავს საჯარო ლექციებსა და სექციურ სხდომებს სხვადასხვა თემაზე, კომპიუტერული პროგრამების პრეზენტაციას, დისკუსიას მრგვალ მაგიდასთან,  სპეციალიზებულ სემინარებს კონგრესის წინა  პერიოდში,  წიგნებისა და კომპიუტერული პროგრამების გამოფენას, აგრეთვე, კულტურულ პროგრამას კონგრესის მონაწილეთათვის და მათი სტუმრებისათვის.

კონგრესზე საჯარო ლექციებს წაიკითხავენ ცნობილი ევროპელი მეცნიერები, პატრიკ ჰენქსი (დიდი ბრიტანეთი), რობერტ ილსონი (დიდი ბრიტანეთი), იოსტ გიპერტი (გერმანია), ჯეფრი უილიამსი (საფრანგეთი), პიუს ტენ ჰაკენი (ავსტრია). მრგვალი მაგიდის მოდერატორი იქნება ტიერი ფონტენელი (ბელგია, ევროპის კავშირის დაწესებულებათა მთარგმნელობითი ცენტრის ხელმძღვანელი).

თბილისის კონგრესის დევიზია „ლექსიკოგრაფია და ლინგვისტური მრავალფეროვნება,“ რაც მიუთითებს კონგრესის ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს, კერძოდ ლექსიკოგრაფიის მნიშვნელობის წარმოჩენას ლინგვისტური მრავალფეროვნების შესანარჩუნებლად. კონგრესის დევიზს კარგად ესადაგება ოქსფორდის უნივერსიტეტის ახალი პროექტი - ოქსფორდის მსოფლიო ენები, რომლის პრეზენტაცია სწორედ კონგრესის გახსნის დღეს გაიმართება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

ლექსიკოგრაფია, ლექსიკონები მჭიდროდაა დაკავშირებული ენასთან, რომელიც  გადამწყვეტ როლს ასრულებს ამა თუ იმ ხალხის იდენტობისა და კულტურის განსაზღვრაში. ეროვნული თვითმყოფადობის ჩამოყალიბებასა და შენარჩუნებაში ენას ცენტრალური როლი ეკუთვნის, ხოლო ლექსიკონი წარმოადგენს უმთავრეს ინსტრუმენტს ამ იდენტობის შესაცნობად და წარმოსაჩენად. ლექსიკონები ქვეყანაში ენობრივი პოლიტიკის გატარების მძლავრი ინსტრუმენტია.

ლექსიკოგრაფიის მნიშვნელობის გაცნობიერებამ ეროვნული სახელმწიფოებრიობისათვის, მეცნიერებისა და კულტურის განვითარებისათვის, სასკოლო და საუნივერსიტეტო განათლებისათვის განაპირობა ლექსიკოგრაფიული აქტივობის უპრეცედენტო აღმავლობა ევროპასა და ამერიკაში. სწორედ ამ პერიოდში შეიქმნა ევროპის ლექსიკოგრაფთა ასოციაციაც.

ევროპის ლექსიკოგრაფთა ასოციაცია გასული საუკუნის 80-იან წლებში შეიქმნა. იგი წამყვანმა ევროპელმა ლექსიკოგრაფებმა და ლინგვისტებმა დააფუძნეს და შექმნეს საერთაშორისო კონგრესის შთამბეჭდავი მოდელი, რომელიც ყოველ ორ წელიწადში ერთხელ იმართება და მაღალი სამეცნიერო დონით გამოირჩევა. 16 კონგრესი ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარდა, საქართველო კი არის  ევროკავშირის პირველი არაწევრი ქვეყანა, სადაც ასოციაციის მე-17 საერთაშორისო კონგრესი გაიმართება.

ევროპის ლექსიკოგრაფთა ასოციაციის მე-17 საერთაშორისო კონგრესის მუშაობა 5 დღეს გაგრძელდება და 10 სექტემბერს დასრულდება.

მისამართი:ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზი



« იხ. ყველა ანონსი