2010-10-29
სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი – „შემოდგომის ლეგენდა“
ახალი სახეები... ახალი სახელები... შენი ხელწერა...
შენი აღმოჩენის დროა!..
შენი აღმოჩენის დროა!..
29 ოქტომბერს სტუდენტური კონკურსი სლოგანით – „სამშობლო მთებო! – დაბრუნება“ ყვარლის ტბის ტერიტორიაზე ჩატარდება. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და კომპანია „ჯეოსელი“ უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ლიტერატურულ კონკურსს უკვე მეორე წელია მართავს. „შემოდგომის ლეგენდა“ ერთობლივი პროექტია, რომლის მიზანიც ნიჭიერი თაობის აღმოჩენა და მათთვის გზის გაკვალვაა.
სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი ორ ეტაპად ხორციელდება. I ტურმა სტარტი 20 სექტემბერს აიღო და ორი კვირის განმავლობაში ტარდებოდა. შიდა შესარჩევ ტურში უნივერსიტეტის ჟიურიმ 122 კანდიდატს შორის 10 საუკეთესო შეარჩია. ფინალისტები ყვარლის ტბის ტერიტორიაზე განთავსდებიან და იმპროვიზაციულ ტურში ჟიურის მიერ შერჩეული სლოგანის მიხედვით ახალ ნაწარმოებებს შექმნიან.
კონკურსის ფინალისტები ყვარელში 28 ოქტომბერს გაემგზავრებიან, იმპროვიზაციული ტურის დაწყებამდე მათ შესაძლებლობა მიეცემათ ლიტერატურულ საღამოზე ჟიურის წევრ ქართველ მწერლებს გაესაუბრონ, რომლებიც მათ იმპროვიზაციული ტურის თემას გააცნობენ. ჟიურის წევრებთან ერთად ყვარლის ტბაზე გამართულ ლიტერატურულ კონკურსს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე კვიტაშვილიც დაესწრება.
კონკურსის გამარჯვებული ნოემბრის შუა რიცხვებში დასახელდება. საუკეთესოთა შორის სამ საუკეთესოს კონკურსის სპეციალური ჟიური გამოავლენს, რომელიც ქართველი ლიტერატორებითა და მწერლებით არის დაკომპლექტებული. წლევანდელ გამარჯვებულებს ლაშა ბუღაძე, დავით ტურაშვილი, დავით ქართველიშვილი, თეონა დოლენჯაშვილი და მაკა ლდოკონენი დაასახელებენ.
გამარჯვებულ სამეულს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაწესებული ფულადი პრემია გადაეცემა. I ადგილის მფლობელი 1000 ლარის, II – 700 ლარის, ხოლო III ადგილზე გასული კონკურსანტი 500 ლარის ოდენობის ფულად ჯილდოს მიიღებს. გამარჯვებული მონაწილეები კომპანია „ჯეოსელის“ სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან.
იმპროვიზაციული ლიტერატურული კონკურსი ყვარლის ტბაზე
29 ოქტომბერს, 11:00 საათზე დაიწყება.